მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციონერი დეპუტატები საპარლამენტო მანდატს პატიმარი პოლიტიკური ლიდერის მონახულების საშუალებად განიხილავენ და არა ადამიანთა საკეთილდღეოდ მუშაობის შესაძლებლობად
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციონერი დეპუტატები საპარლამენტო მანდატს პატიმარი პოლიტიკური ლიდერის მონახულების საშუალებად განიხილავენ და არა ადამიანთა საკეთილდღეოდ მუშაობის შესაძლებლობად

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები საპარლამენტო მანდატს პატიმარი პოლიტიკური ლიდერის მონახულების საშუალებად განიხილავენ და არა ადამიანთა საკეთილდღეოდ მუშაობის შესაძლებლობად.

სარჯველაძის თქმით, პოლიტიკური ძალების მხრიდან მანდატის გამოყენება სწორია, მაგრამ არა იმ არგუმენტებით, რაც მათი მხრიდან დასახელდა.

„სამწუხაროდ, ოპოზიციონერი დეპუტატები საპარლამენტო მანდატს უყურებენ არა პოლიტიკური პროცესებისა და ადამიანთა საკეთილდღეოდ მუშაობის საშუალებას, არამედ ამას განიხილავენ, როგორც მათი პატიმარი პოლიტიკური ლიდერის მონახულების საშუალებად, ან მათთვის რომელიღაც მერკანტილურად აუცილებელი, საჭირო ცვლილების მხარდასჭერის მექანიზმად და არა კონკრეტული ფუნქციების განსახორციელებლად. რასაკვირველია, ასეთი არათანამიმდევრული გადაწყვეტილებები ადრე თუ გვიან აბსოლუტურად ნათელი ხდება მოქალაქეებისთვის. შარშანდელ არჩევნებზე ჭიქაში მოწყობილი ქარიშხლები და ახლანდელი ბაქი-ბუქები – ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია უკვე თვითმმართველობის არჩევნებზე დამარცხდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.