მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის წარმომადგენლებს როცა შანსი არ აქვთ არჩევნებზე, ცდილობენ, მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის წარმომადგენლებს როცა შანსი არ აქვთ არჩევნებზე, ცდილობენ, მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ

ოპოზიციის წარმომადგენლებს როცა შანსი არ აქვთ არჩევნებზე, ცდილობენ, მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციამ ბევრ შემთხვევაში მცდარი და არასწორი არჩევანი გააკეთა, რაც მათ წარუმატებლობას განაპირობებს.

„სწორი გამოსავალია აქციების გამართვა? აქციები ერთმანეთს უნდა გაუმართონ ოპოზიციაში და არა ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლებას ბრალი არ მიუძღვის ოპოზიციის იმ მდგომარეობაში ჩადგომისთვის, რაც მათ აქვთ. თავად ხედავთ, რომ ამ განცხადებაში ხელისუფლების მიმართ პროტესტისთვის მიზეზი არ არსებობს, მაგრამ ეს მაინც მოთხოვნილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია კარგად ხვდება, რომ პროცესების სწორად წარმართვის შემთხვევაში მათთვის შანსები მიზერულზე ნაკლებია. მათ, დესტრუქციისა და საზოგადოებისთვის არეულობის შეთავაზების გარდა, არაფერი აქვთ. ასეთ დროს ეს ბუნებრივად გამოიყურება, თუმცა ქვეყნისთვის კარგი არ არის. როცა შანსი არ აქვთ არჩევნებზე, ცდილობენ, მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ. ალბათ ეს არც პირველი და არც უკანასკნელი მცდელობა იქნება, როცა შეეცდებიან, რომ აზრის კულტივირება მოახდინონ – კარგი გამოსავალია ქუჩაში აქციები, ამის მიზეზი გაქვს თუ არა“, – განაცხადა სარჯველაძემ.