მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის რიგებში არსებობდა ძალა, რომელსაც არ ჰქონდა განწყობა, მოლაპარაკება შემდგარიყო
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის რიგებში არსებობდა ძალა, რომელსაც არ ჰქონდა განწყობა, მოლაპარაკება შემდგარიყო

მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციის რიგებში არსებობდა ძალა, რომელსაც არ ჰქონდა განწყობა, მოლაპარაკება შემდგარიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„სხვათა შორის, იმთავითვე ცნობილი იყო, ამაზე ეჭვები გამოითქმებოდა და ეს გარემოება უბრალოდ ცალსახად დადასტურდა. დადასტურდა არა უბრალოდ მოლაპარაკების პროცესში და მის შედეგად, არამედ შემდგომ გაკეთებული კომენტარებიდან, მათ შორის, ბატონი მინაშვილის კომენტარიდან. მან ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ შევედით ულტიმატუმით და მხოლოდ ამ ულტიმატუმის დაკმაყოფილება იქნებოდაო რაიმე შეთანხმების წინაპირობა, თუმცა ამ ულტიმატუმის დაკმაყოფილების შემდგომ შესათანხმებელი რა დარჩებოდა, ჩემთვის გაუგებარია.

გუშინვე აღინიშნა მოლაპარაკებაზე დამსწრე ყველა პირისგან, რომ არის შეთანხმება, დეტალებზე არ ვსაუბრობთ და ჯერჯერობით ის კვლავ ძალაშია, მოლაპარაკების სამომავლო პერსპექტივიდან გამომდინარე. ხელისუფლების მხრიდან ყველა საკითხთან დაკავშირებით კონსტრუქციული დამოკიდებულება იყო. რაც შეეხება კონკრეტულ პირობებს, ამაზე საუბრის უფლება ნამდვილად არ მაქვს. საბოლოო ჯამში, ამომრჩევლისთვის ეს ყველაფერი გასაგებია. გვაქვს ხელოვნურად შექმნილ კრიზისი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია დიდი ხანია, მთელი მონდომებით ცდილობს, ქვეყანაში შეიქმნას კრიზისი.

„ეს დაიწყო გაყალბებულ არჩევნებზე საუბრით, რომლის ერთი მტკიცებულებაც კი ვერ ვნახეთ. საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, რომ ევროკავშირის გაცხადებული ოფიციალური პოზიცია გვაქვს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ არჩევნების გაყალბებას ადგილი არ აქვს. ოპოზიციას ყველა მოუწოდებს, პარლამენტში შევიდეს, ვინაიდან ინსტიტუციური დემოკრატია ვერ განიხილავს დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში პარლამენტს გარეთ. ამის შემდეგ ვიხილეთ მცდელობა და ურთიერთბრალდებები, რომ რომელიმე მხარეს კომპრომისზე წასვლა არ სურს და კონსტრუქციულად არ არის განწყობილი. ბოლოს ვიხილეთ პრაქტიკულად უდავო აღიარება, მაგალითად, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დასახელდა, როგორც ულტიმატუმი, პირდაპირ ეკავა ხელში ოპოზიციას შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი მოეხსნათ. მათი განწყობა იყო რეალურად ისეთი, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო, მაგალითად, ბატონი მელიას პატიმრობა არ შეიძლება, წინაღობად არსებობდეს. ულტიმატუმი, რომელიც დასახელდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, როგორც მოლაპარაკების გაგრძელებისთვის აუცილებელი წინაპირობა, იყო პრაქტიკულად მთლიანად შესათანხმებელი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკება უნდა გამართულიყო. ულტიმატუმის ტონში საუბარი, ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ ან ამ ხალხს აქვს მოლაპარაკებასთან დაკავშირებით არასწორი შთაბეჭდილება, ან მათი განწყობა იყო იმის საპირისპირო, რასაც შეთანხმება ჰქვია“, – განაცხადა სარჯველაძემ.