მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მხრიდან ჩახსნილი სიების აღდგენის მოთხოვნა არასერიოზულად მეჩვენება და პოლიტიკურ უთავმოყვარეობასაც დავარქმევ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მხრიდან ჩახსნილი სიების აღდგენის მოთხოვნა არასერიოზულად მეჩვენება და პოლიტიკურ უთავმოყვარეობასაც დავარქმევ

რასაც ოპოზიცია ითხოვს, სიმართლე გითხრათ, ცოტა არასერიოზულად მეჩვენება, გავბედავ და ამას ერთგვარ პოლიტიკურ უთავმოყვარეობას დავარქმევ, – ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად არსებობს კანონმდებლობით იმის შესაძლებლობა, რომ ჩახსნილი პროპორციული სიები აღდგეს, რასაც ოპოზიცია ითხოვს.

„კანონმდებლობით ასეთი შესაძლებლობა ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოვრიცხოთ. ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა უმრავლესობა სიების აღდგენასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამას არც ერთ შემთხვევაში არ ექნება გამართლება.

„ჩვენ, ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი ქმედებები და გადაწყვეტილებები რაღაცნაირად შესაბამისობაში მოვიყვანოთ მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან და მოქმედ კონსტიტუციურ წესრიგთან. არ შეიძლება, ვინმეს იმაზე ჰქონდეს ამბიცია ან პრეტენზია, როგორც მისთვის ხელსაყრელი იქნება, კანონმდებლობა ამის მიხედვით ვცვალოთ, კონტექსტის მიხედვით და კვალდაკვალ რომ მოდიოდეს სამართლებრივი ნორმები. იცით, ასე სამართალი თავის ფუნქციასაც დაკარგავს, სამართალი კი არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც წესრიგი მიიღწევა. არ შეიძლება, თამაშის წესები მორგებული გქონდეს, ამ შემთხვევაში ოპოზიციას და ამაზე მუდმივად პრეტენზია გაგაჩნდეს. მიიღეს ეს გადაწყვეტილება? დაუშვეს შეცდომა და თან, ეს არ ყოფილა ისეთი შეცდომა, რომელიც უბრალოდ, ვერ გაითვალისწინეს, ან მოსალოდნელი შედეგები წინასწარ ვერ განჭვრიტეს, რადგან ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს არაერთ საჯარო გამოსვლაში გვითქვამს, რომ ამ გადაწყვეტილებას ასეთი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს. ამ კონკრეტულ შემთხვევას არ ვამბობდით, მაგრამ ვამბობდით ზოგადად. ამის მიუხედავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ აღარ უნდათ, შედეგებს დაელოდონ. ეს დამოკიდებულება უბრალოდ, არასერიოზულია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ არ გაითვალისწინა უმრავლესობამ ოპოზიციის არგუმენტი, რომ ბადრი ჯაფარიძის გამამტყუნებელი განაჩენი არ იყო საკმარისი საფუძველი მანდატის შესაწყვეტად, რადგან ხანდაზმულობის გამო ის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ტყუილია, თითქოს ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევის ფორმალური საფუძველი არ არსებობდა.

„კონსტიტუცია განსაზღვრავს ამას, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დგინდება დანაშაული ფაქტი და იქ, მერე სასჯელი შეუფარდეს, ვის არ შეუფარდეს, ვინ გაათავისუფლეს, ვინ ამნისტიაში მოჰყვა და ა.შ, კანონისთვის საერთოდ უმნიშვნელოა. ასე რომ, მოცემულ შემთხვევაში მანდატის ჩამორთმევის ყველა ფორმალური საფუძველი უდაოდ არსებობდა და პირდაპირ ვიტყვი, ეს ამ შემთხვევაში სპეკულაციებია. ოპონენტები ხავსის მაგვარ მიზეზს ეჭიდებიან, წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება ისე, რომ ამგვარად გაამართლონ თავიანთი მე ვფიქრობ, სასოწარკვეთილი პოზიცია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მხრიდან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას უმიზეზოდ ითხოვდნენ და ოპოზიციის მხრიდან ეს იყო ერთ-ერთი დესტრუქციული ელემენტი.

„თქვენ გახსოვთ, ერთ-ერთი დესტრუქციული ელემენტი იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა, მაინც ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოსო. ასეთი მიდგომა ხომ გაუგებარი იყო საზოგადოებისთვის, ჩემთვის, თქვენთვის და ყველასთვის? ამიტომ გვინდოდა, ვადამდელი არჩევნების უმიზეზოდ დანიშვნის საკითხი საერთოდ გასულიყო ქართული პოლიტიკური დისკუსიის სივრციდან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.