მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მიზანია, თუ სადმე მეწყერი ჩამოწვა, ყალბი აჟიოტაჟი ატეხოს, რიკოთის გზის პროექტის უკან ავტორიტეტული ინსტიტუცია დგას
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მიზანია, თუ სადმე მეწყერი ჩამოწვა, ყალბი აჟიოტაჟი ატეხოს, რიკოთის გზის პროექტის უკან ავტორიტეტული ინსტიტუცია დგას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ყალბი აჟიოტაჟი შექმნას.

მისივე თქმით, სამშენებლო პროცესში ყველა საკითხზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ხდება და ავტორიტეტული ინსტიტუციების მიერ სათანადო ზედამხედველობა ხორციელდება.

„რიკოთზე არის სამშენებლო პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი პროცესია და ამას ადგილზე გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება. კარგად ვიცი, სამართლებრივად როგორ ხდება, მათ შორის ხელშეკრულებების მოწესრიგება. ეს ზედმიწევნით სრულფასოვანი პროცესია. პროექტის უკან ავტორიტეტული ინსტიტუცია დგას, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს გვაძლევს, რომ იქ სუფთად და სწორად ხორციელდება პროცესის მართვა. ხელშეკრულება ინსტიტუციურად ისეა გამართული, რომ ყველა საკითხზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ეფექტიანი სისტემაა, მათ შორის აუდიტი. ურთიერთობების მხარე, ვინც ზედამხედველობას ახორციელებს, იმდენად ავტორიტეტულია, რომ არ მგონია, პოლიტიკურმა ჯგუფებმა კითხვები იქ გააჩინონ, სადაც ობიექტურად ამის საფუძველი არ არსებობს. ოპოზიციის მიზანია, თუ სადმე მეწყერი ჩამოწვა, ყალბი აჟიოტაჟი ატეხოს, რაც გათვლილია იმ ადამიანებზე, ვინც შეიძლება, ამ კონტრაქტებს არ იცნობდეს. ეს არის პოპულიზმის ერთგვარი სახეობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრის დაბარების საკითხს, მიხეილ სარჯველაძის თქმით, როცა ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკური დივიდენდებისთვის ახალი ასპარეზები გაიჩინონ, ეს აჩვენებს, რომ მათ ჭეშმარიტების დადგენა არ სურთ.

„ვინც ამ ინიციატივით გამოდის, მათი მიზანია ჭეშმარიტების დადგენა თუ პოლიტიკური პერფორმანსის მოწყობა? კითხვის დასმა სწორია, მაგრამ როცა ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკური დივიდენდებისთვის ახალი ასპარეზები გაიჩინონ, რასაკვირველია, ეს აჩვენებს, რომ აქ არავის ჭეშმარიტების დადგენა არ უნდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.