მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის დიდი ნაწილი ცდილობს, ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ და ხელოვნური კრიზისი შექმნან
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის დიდი ნაწილი ცდილობს, ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ და ხელოვნური კრიზისი შექმნან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაშიც კი ოპოზიციას განწყობა არ შეეცვლება. როგორც სარჯველაძე ამბობს, აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მოლოდინი გადაჭარბებული არ უნდა იყოს.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიცია ხელოვნური კრიზისის შექმნას ცდილობს.

„მინდა, გამოვეხმაურო რამდენიმე მოსაზრებას თუ შეფასებას. ერთი უკავშირდებოდა, ვფიქრობ, გადაჭარბებულ იმედებს, რომელსაც ვამყარებთ იმ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე, რომელიც გვაქვს. იმედებს იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ვნებათაღელვის შემცირება ოპოზიციის წარმომადგენლებისა, რომლებიც უპირისპირდებიან გასულ არჩევნებს და შესაბამისად, ცდილობენ, დაასაბუთონ ის, რაც რეალურად არ არსებობს. არ მგონია, ამ ადამიანებს, კანონის მიღების შემთხვევაში, მეტად პროგრესული და მართლაც ძალიან კარგი ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში, განწყობა შეეცვალოთ. ერთადერთი არგუმენტი, რაც შესაძლოა, მათთვის ასეთ პირობას ქმნიდეს, არის არა რეალურად ჩატარებული არჩევნები და მისი რეზულტატი, ქართველი ხალხის ნება, არამედ მხოლოდ მათთვის სასურველი, მერკანტილურად სასურველი ინტერესი, რომელსაც შესაძლოა, ემსახურებოდეს მათი პოლიტიკური აქტივობა.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ და მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში, ის ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია, აუცილებლად უნდა გადაიდგას. ეს არის მართლაც აუცილებელი რეფორმა, მაგრამ გათვლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვქონდეს, რომ გამოიწვევს, თუნდაც იმ პრობლემების გადაჭრას, რასაც ახლა ვხედავთ ქუჩებში. სინამდვილეში, ეს არის ერთგვარი ახალი სინდრომი, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში, შეიძლება არც თუ ისე ახალი, როდესაც რიგი ოპოზიცური პარტიებისა ცდილობენ, საკუთარი მოთხოვნები იმ პირობებში, როდესაც განიცდიან უმწვავეს დეფიციტს არგუმენტებისას, შეავსონ ხელოვნურად, კრიზისების შექმნის გზით, რითაც ასევე შეიქმნან გარკვეული შესაძლებლობები საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის.

თუმცა სამწუხაროა, რომ ხშირად ამას ეწირება ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, ჩვენი საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორიც არის მაგალითად, წესრიგი ან ჭეშმარიტება, რომელიც რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. შესაბამისად, მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებელია სწორი ტაქტიკის შემუშავება ამ სინდრომთან საბრძოლველად და ყველაფრის გაკეთება, რათა რეალურად ჰქონდეთ ადამიანებს შესაძლებლობა, გაარჩიონ ჭეშმარიტი მცდარისგან. სამწუხაროდ, დღევანდელი ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილი დგას მცდარ პოზიციაზე და ცდილობენ, ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ, გამოიწვიონ ხელოვნური კრიზისი. მხოლოდ ეს არის მათთვის გზა, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, სწორი მიმართულება იქნება, ის, რაც ქალბატონმა მაია ბითაძემ აღნიშნა და აბსოლუტურად მართებულად, რომ რიგი საკითხებისა, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ჩრდილში არ დარჩეს. ჩემი მოწოდება და თხოვნა იქნება თითოეულ კოლეგასთან, რომ რაც შეიძლება მეტად ვიყოთ ორიენტირებული იმ საკითხებზე, რაც ყოველდღიური მნიშვნელობისაა ჩვენი მოქალაქეებისთვის და ალბათ ეს იქნება სწორი გზავნილი საზოგადოების მიმართაც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დატოვე კომენტარი