მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციიდან თითი არავის დაუკარებია იმ საქმეების კეთებაზე, რასაც ჰქვია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და სხვას ამუნათებთ 
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციიდან თითი არავის დაუკარებია იმ საქმეების კეთებაზე, რასაც ჰქვია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და სხვას ამუნათებთ 

ამ კვირის პლენარულ სხდომებზე ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი გამოდის, რომლებიც უკავშირდება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, თუმცა ეს არ გსიამოვნებთ. აქ არის ისეთი საკითხები, როგორიც არის პირდაპირ მე-12 პუნქტით გათვალისწინებული – სახალხო დამცველის არჩევა. უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო საიმისოდ, რომ კონკრეტული შედეგი დაიდოს. შეშინებული ვარ, რა შეიძლება კიდევ მოიფიქროთ, რომ რაღაცნაირად ხელი შეუშალოთ პროცესიის წარმატებით დასრულებას, – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოებას არასწორი შთაბეჭდილებები შეუქმნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„აქ მსხდომი და გარეთ მყოფი ოპოზიციიდან თითი არავის დაუკარებია იმ საქმეების კეთებაზე, რასაც ჰქვია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და სხვას ამუნათებთ. ბოლო დღეებში უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას, შეექმნას არასწორი შთაბეჭდილებები აქ მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით კანონპროექტზე, რომელიც ეხება არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას. ოპოზიციის მხრიდან ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ საზოგადოებას არ გაეგო ის, რაც არის სინამდვილე ამ კანონთან დაკავშირებით. მოუგონეს დამაკნინებელი ტერმინი და უკრძალავენ ყველას დისკუსიაში მონაწილეობას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საზოგადოების უფლებაა, იცოდეს ვინ ახდენს დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციას და ვინ – ანტიდასავლური განწყობების დათესვას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.