მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციაში კრიზისი დღეს და გუშინ არ დაწყებულა, მისასალმებელია, როცა საუბარი დაიწყეს, რადგან შეიძლება, დაფიქრდნენ, რომ კრიზისში იმყოფებიან და გამოსავალი უნდა ეძებონ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციაში კრიზისი დღეს და გუშინ არ დაწყებულა, მისასალმებელია, როცა საუბარი დაიწყეს, რადგან შეიძლება, დაფიქრდნენ, რომ კრიზისში იმყოფებიან და გამოსავალი უნდა ეძებონ

არ შემიძლია, არ დავეთანხმო მოსაზრებას, რომ ოპოზიციაში არის კრიზისი. კრიზისი არის, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა. 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაგეგმილი ქმედებების დროს დაიწყო და უფრო აქტუალურიც კი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც დასანანია.

„როცა ამაზე საუბარი ახლა თავად დაიწყეს, ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგან შეიძლება, ადამიანები დაფიქრდნენ, რომ კრიზისში იმყოფებიან და გამოსავალი უნდა ეძებონ. სავარაუდოდ განსხვავებულია ახსნა და მოტივაცია კრიზისული მდგომარეობის არსებობის – კრიზისი იმიტომ კი არ აქვთ, რომ გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავთ, სინამდვილეში ისინი უნდა მიხვდნენ, რომ კრიზისში იმ გადაწყვეტილებების გამო იმყოფებიან, რომელიც დისონანსშია ქვეყნის ინტერესებთან, მათსავე ამომრჩევლის ინტერესებთან. ეს არის კრიზისის განმაპირობებელი და არა ის, რომ შეიძლება, ზოგადად, ვინმე ქარიზმატული ლიდერი ჰყავთ თუ არა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ ოპოზიცია კრიზისშია და ბოლო კვირების მოვლენები, ე.წ. პირადი დაპირისპირებები მხოლოდ სიმპტომია იმისა, რაც რეალურად ხდება. მისივე თქმით, ფაქტია, რომ მიხელ სააკაშვილი, ამ თუ იმ მიზეზით, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორებულია და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა უნდა აღიარონ ეს რეალობა. ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ „საჭიროა ფუნდამენტური დარესტარტება“.

„შევქმნათ ონლაინ პლატფორმა, სადაც დავარეგისტრირებთ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის არანაკლებ 10%-ს, ანუ 100 000 ან მეტ ადამიანს. ამ პლატფორმის გამოყენებით, ფარულად და ელექტრონულად ხმის მიცემის პრინციპით, ჩავატაროთ პრაიმერისები ოპოზიციის ლიდერის და მთავარი ოპოზიციური გუნდის, ოპოზიციური სამოქმედო გეგმის გამოსავლენად“, – დაწერა ნიკა ობოლაძემ. ამავდროულად, „ფეისბუქ“ პოსტში ნიკა ობოლაძე წერს: „მე ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებულ ე.წ. ჩათებს, რადგან იქ არ დევს პოლიტიკის კეთების ლეგიტიმაცია, ლეგიტიამცია ხალხშია და პოლიტიკოსებმა ის არჩევნებით უნდა მოვიპოვოთ“.