მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას სიგიჟემდე უნდა, რომ სანქციები იხილოს, მაგრამ არ მგონია, ამისთვის წინაპირობები არსებობდეს
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას სიგიჟემდე უნდა, რომ სანქციები იხილოს, მაგრამ არ მგონია, ამისთვის წინაპირობები არსებობდეს

დადასტურებულად ცნობილია, რომ როგორც საჯარო, ასევე სხვა ნებისმიერი არხის გამოყენებით ოპოზიცია ცდილობს, გაავრცელოს ინფორმაცია, რომ სასამართლო ხელისუფლებას აქვს ისეთი პრობლემები, რომლებიც რეალურად არ ასახავს ობიექტურ მდგომარეობას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს რეფორმირება უწყვეტად სჭირდება, თუმცა ობიექტურობისგან დაცლილია აზრი, რომ სასამართლოს ამ დრომდე წარმატება არ აქვს.

„სასამართლოს რეფორმირება რომ უწყვეტად სჭირდება, ამასე მეც ვსაუბრობ, მაგრამ ის, რომ თითქოს სასამართლოს ამ დრომდე წარმატება არ აქვს, დაცლილია ობიექტურობისგან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ობიექტური ინფორმაციის გაცვლა, წარმატების სათანადოდ დაფასება და სამომავლო განვითარების სწორად ხედვაც. ეს არის სწორი მიდგომა, რათა საქართველოში მართლმსაჯულება ობიექტურად განვითარდეს. არ მგონია, რომ სანქციებისთვის წინაპირობები არსებობდეს. მართალია, ოპოზიციას სიგიჟემდე უნდა, რომ სანქციები იხილოს, მაგრამ არ მგონია, ეს პერსპექტიული იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.