მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას მწვავე, კრიტიკული მოსაზრებები უნდა ჰქონდეს იმის ნაცვლად, რომ მუდმივად ცრუ ბოიკოტებს გეგმავდეს და დაკავებული იყოს რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას მწვავე, კრიტიკული მოსაზრებები უნდა ჰქონდეს იმის ნაცვლად, რომ მუდმივად ცრუ ბოიკოტებს გეგმავდეს და დაკავებული იყოს რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით

ოპოზიციას მწვავე კრიტიკული მოსაზრებები უნდა ჰქონდეს, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად ცრუ ბოიკოტებს გეგმავდეს და დაკავებული იყოს რაღაც რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

სარჯველაძემ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულებისას, ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ხელისუფლება ყველა შესაძლებლობას გააჩენს და ვეცდებით, რომ პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიური იყოს, მაგრამ ეს პირობა ვალიდურია მეორე პირობის გათვალისწინებით, რაც ერთდროულად უნდა შესრულდეს, რადგან ეფექტი ასეთ შემთხვევაში ექნება. არ შეიძლება, ვალდებულების შესრულებას ერთ მხარეს სთხოვდე და მეორეს მიმართ იგივე განწყობა არ იყოს. ოპოზიციას თანაბრად მნიშვნელოვანი და წონადი ვალდებულება აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ ზედმიწევნით კონსტრუქციული იყოს. მას მწვავე, კრიტიკული მოსაზრებები უნდა ჰქონდეს, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად ცრუ ბოიკოტებს გეგმავდეს და დაკავებული იყოს რაღაც რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, სამწუხაროდ, 12 რეკომენდაციის შესრულებისას ოპოზიციის მხრიდან პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება არ ყოფილა და თანამშრომლობისთვის გაწვდილ ხელს პასუხი არ მოჰყოლია.

„მათ პირველივე დღიდან სრულიად უარგუმენტო დესტრუქციულ ქმედებებს მიმართეს, როცა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და, პირიქით, ცხელ შემოდგომას აანონსებდნენ. წარსულმა გამოცდილებამ ოპოზიციის სერიოზული მარცხი განაპირობა. მარცხში იგულისხმება ის, რომ მათ საზოგადოება არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას მიუხვდა, რამაც განაპირობა ოპოზიციის წარუმატებლობა, შემცირებული ავტორიტეტი. ოპოზიციაში იქნებიან ის ძალები, რომლებიც არ ისურვებენ, რომ მათ მიერ ერთხელ დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომა გაიმეორონ. ალბათ გარკვეული ძალები საკუთარ პოლიტიკას გადახედავენ და იმედია, უფრო კონსტრუქციულ პოლიტიკოსებს ვიხილავთ. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობის“ ქმედებები თვისობრივად შეიცვლება, მაგრამ სხვების მიმართ იმედი მაქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.