მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციამ სცადა, შოვის ტრაგედია პოლიტიკური გეგმების განხორციელების ინსტრუმენტად ექცია, რაც ამორალურია, არ არსებობს არცერთი ისეთი რეკომენდირებული აქტივობა, რომელიც დაგვიანდა
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციამ სცადა, შოვის ტრაგედია პოლიტიკური გეგმების განხორციელების ინსტრუმენტად ექცია, რაც ამორალურია, არ არსებობს არცერთი ისეთი რეკომენდირებული აქტივობა, რომელიც დაგვიანდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გულსატკენია, რომ პოლიტიკოსები პოულობენ ძალას, შოვში მომხდარი ტრაგედიიდან აქცენტი პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიციამ სცადა, შოვის ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური გეგმების განხორციელების ინსტრუმენტად ექცია, რაც ამორალური საქციელია.

„შოვში თავისი მასშტაბით მართლაც არნახული სტიქია და ტრაგედია მოხდა. რეზულტატები, რომლებიც ადამიანური ტრაგედიების სახით გვაქვს, შეუძლებელია, ვინმეს გულგრილს ტოვებდეს. ეს ძალიან დიდი დრამა და მთელი საქართველოს ტრაგედიაა, თუმცა სამწუხარო და გულსატკენია, რომ პოლიტიკოსები იცლიან და პოულობენ ძალას, რომ აქცენტი პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ. ნაცვლად იმისა, რომ პირველივე წუთებიდან ტრაგედიის განცდის ემოცია ყოფილიყო, მომენტალურად საკითხს ცივად მიუდგნენ და შოვის ტრაგედიის გამოყენებით პოლიტიკური დებატებისთვის ახალი ასპარეზი გახსნეს. კახა კალაძის ოჯახის წამოსვლასთან დაკავშირებით თვითონაც გადასარევად ფლობდნენ ინფორმაციას, რა მოხდა, მაგრამ ვიდრე კახამ კონკრეტული კადრები არ დაუდო, სტრატეგია არ შეცვალეს.

იგივე შემიძლია ვთქვა ვერტფრენების ისტორიასთან დაკავშირებითაც. ვინმემ რაიმე ფუნქცია თქვას, რისი შესრულებაც ვერტმფრენს შეეძლო და მისი არქონის გამო ვერ შესრულდა. იგივე შემიძლია ვთქვა უცხოეთისგან შემოთავაზებულ დახმარებასა და ჰუმანიტარული მოტივაციით წამოყენებულ ინიციატივებზე. ოპოზიციამ სცადა, მომხდარი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური გეგმების განხორციელების ინსტრუმენტად ექცია, რაც ამორალური საქციელია. არ არსებობს არცერთი ისეთი რეკომენდირებული აქტივობა, რომელიც დაგვიანდა, არ განხორციელდა ან არასათანადო რესურსით განხორციელდა. ყველაფერი იყო უზრუნველყოფილი, რასაც კი შეეძლო სტიქიის შედეგების მინიმიზირება და ადამიანების გადარჩენა. რაც შეეხება დეტექციის სისტემას, ამასთან დაკავშირებით ბევრი დეზინფორმაცია მოვისმინეთ – არავითარი მეცნიერული დასაბუთება არ აქვს იმ სპეკულაციურ ვერსიებს, რომლითაც ხელისუფლების დადანაშაულებას ცდილობენ. მასშტაბი და ტრაგიკული გარემოებების დამთხვევა განაპირობებს დასკვნას, რომ რასაც საფრთხის თავიდან აცილება შეეძლო, ამის წინასწარი პროგნოზირება ობიექტურად შეუძლებელი იყო. ვინც იქ გადარჩა, გადარჩა. ვინც იქ უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა. ძებნას 15 წუთში დაიწყებდი თუ ერთ საათში, იმ მასის გათვალისწინებით, პერსპექტივების თვალსაზრისით, ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა? ვინც იმ წუთას იყო ისეთ ადგილას, სადაც იმ მასამ არ დაფარა, ის ადამიანი გადარჩა. არ მგონია, რომ იქ დაუყოვნებლივ რეაგირებას იმ ადამიანების ბედზე გავლენა ჰქონოდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.