მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, მოვალეობის შესრულებას თავს არიდებს, უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა არავის უნდა მიეცეს
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, მოვალეობის შესრულებას თავს არიდებს, უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა არავის უნდა მიეცეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ იქნება ინიციატივა, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, ცესკო ცნობს, მას სიამოვნებით შეუერთდება.

როგორც მიხეილ სარჯველაძე ამბობს, პოზიტიური სამართლის ფუნქცია ჩიხების სამართლიან გადაწყვეტაშია. მისივე თქმით, ოპოზიცია პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, მოვალეობის შესრულებას თავს არიდებს.

სარჯველაძეს მიაჩნია, რომ უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა არავის უნდა მიეცეს.

„ასეთი ინიციატივა თუ შემოვა, დიდი სიამოვნებით შევუერთდები, რადგან ერთმნიშვნელოვნად სწორია. გუშინ დისკუსია იყო იმის თაობაზე, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებს შშმ პირების დაცვასთან დაკავშირებული დოკუმენტი აქვთ მისაღები და ბევრის უქეიფობის თუ საქეიფოდ ყოფნის გამო, დოკუმენტების მიღება ვერ ხერხდება. ასეთ დროს მოქმედი პოზიტიური სამართალი ჩიხური ვითარებიდან გამოსავალს უნდა გვთავაზობდეს. ჩიხი არსებობს და ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, პოზიტიური სამართლის ფუნქცია შექმნილი ჩიხების სამართლიან გადაწყვეტაშია და არა – ჩიხების შექმნაში. რა თქმა უნდა, უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა არავის უნდა მიეცეს. ოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური მოტივებიდან და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის აღებასა და საკუთარი მოვალეობის შესრულებას თავს არიდებს. მსგავსი რეგულაცია შეიძლება, ბევრ ცივილიზებულ, უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტების მქონე სახელმწიფოში არსებობდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, ცესკო ცნობს.