მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას ითხოვს, როცა სამართლებრივი მიზეზი არ აქვს, გაგზავნას მაშინ აქვს აზრი, როცა სამართლებრივი დისკუსიაა
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას ითხოვს, როცა სამართლებრივი მიზეზი არ აქვს, გაგზავნას მაშინ აქვს აზრი, როცა სამართლებრივი დისკუსიაა

ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნას აზრი მაშინ აქვს, როცა რაიმე საკვანძო საკითხზე სამართლებრივი დისკუსია არსებობს და სწორედ სამართლებრივი საკითხი მოითხოვს შეფასებას კვალიფიციური სტრუქტურის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის აუცილებლობა დიდად არ არის, თუმცა თუ გაიგზავნება, არც ეს იქნება ტრაგედია.

„ოპოზიციას ვენეციის კომისიის დასკვნა კი არ სჭირდება, არამედ ღიად ვერ საუბრობენ მიზეზებზე, რის გამოც საერთოდ არ უნდათ ამ კანონის მიღება და ამ მიმართულებით რეკომენდაციის შესრულება. ზოგი ამას ღიად ამბობს, ზოგი ყურით მოთრეული არგუმენტებით ნიღბავს. ამაში იმ არგუმენტებს ვგულისხმობ, რაც სახელდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვენეციის კომისიაში გაგზავნას ითხოვენ მაშინ, როცა სამართლებრივი წინააღმდეგობის მიზეზი და ახსნა თვითონ წარმოდგენილი არ აქვთ. ვენეციის კომისიაში გაგზავნას აზრი მაშინ აქვს, როცა რაიმე საკვანძო საკითხზე არსებობს სამართლებრივი დისკუსია და სწორედ სამართლებრივი საკითხი მოითხოვს შეფასებას კვალიფიციური სტრუქტურის მხრიდან. რომელი საკითხი გახსენდებათ ასეთი სადისკუსიო? აქედან გამომდინარე, პირადად ჩემი, როგორც იურისტის, მოსაზრებაა, რომ არ მგონია, ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა დიდად აუცილებელი იყოს, თუმცა რომც გაიგზავნოს ან არ გაიგზავნოს, დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ოპოზიციისთვის ეს ქმედება პროცესის გაჭიანურების მიზანს ემსახურება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.