მიხეილ სარჯველაძე - ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საქართველოშივე ხელმისაწვდომი უმაღლესი სტანდარტის სერვისები შესათავაზებლად მზად იქნება, კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს
მიხეილ სარჯველაძე - ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საქართველოშივე ხელმისაწვდომი უმაღლესი სტანდარტის სერვისები შესათავაზებლად მზად იქნება, კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს

საქართველოში არიან ბრწყინვალე ექიმები, მათ შორის, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით და მათი შრომაც, უპირველესად, საჭიროებს დაფასებას, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„არიან შესანიშნავი, ბრწყინვალე ექიმები, რომელთა მუშაობასაც მსოფლიოს სახელგანთქმული კლინიკებიდან არაერთი ისურვებდა. მიუხედავად ამისა, პრობლემას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ დღეს ქართულ ჯანდაცვის სისტემას დაუმსახურებლად არ აქვს ის რეპუტაცია, რომელიც, მაგალითად, ონკოლოგიური ბავშვი პაციენტის შემთხვევაში მის მშობელს მისცემდა მშვიდად ყოფნის შესაძლებლობას. ეს, სამწუხაროდ, გამოწვევაა, რომელზეც ვსაუბრობთ, იგივე კლინიკებთან ერთად, რადგან ეს არის საერთო გამოწვევა და საერთო გამოწვევას ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ. ეს აუცილებელი თვითკრიტიკაა, კლინიკებზე მაქვს საუბარი და ექიმებზე, რაც აუცილებლად გადასალახია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, ამოქმედებულია გამორჩეულად კარგი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების მკურნალობის უცხოეთში დაფინანსება ხდება და ეს დღემდე საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს.

„პროგრამა წარმატებულად ხორციელდება. ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების ძირითადი რაოდენობა მკურნალობს უცხოეთში, თუმცა საქართველოშიც მკურნალობს რამდენიმე და არანაკლებად წარმატებულად. ბავშვები მკურნალობენ, არის განკურნების შემთხვევებიც, რაც იმედიანად ყოფნის საფუძველს გვაძლევს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გეგმა არსებობს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის სერვისების გასაუმჯობესებლად და რა კეთდება, რათა საზღვარგარეთ არსებული სერვისების დანერგვა მოხდეს საქართველოში, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ღირსების საქმეა, ქვეყანაში არსებობდეს ისეთი გამართული სისტემა, რომლის მიმართ ნდობაც ურყევი იქნება, ისეთივე, როგორიც შეიძლება, წამყვან კლინიკებს ჰქონდეს და კონკრეტულ კონცეფციაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა სამინისტროში.

„ეს არ არის ის სექტორი, სადაც შეგიძლია, ან ხარისხის დაზოგვის უფლება მისცე საკუთარ თავს და ა.შ. ეს არის სექტორი, სადაც, რა თქმა უნდა, ყველაზე საუკეთესო და ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეთ ჩვენს შვილებს უზრუნველყოფილი. ღმერთმა აშოროს ეს დიაგნოზი ყველას. ასეთი რამ, საუბედუროდ, ხდება, მიუხედავად ჩვენი სურვილისა, მაგრამ ვისაც ეს განსაცდელი ექნება, ყველასთვის იქნება შესათავაზებლად მზად საქართველოშივე ხელმისაწვდომი აბსოლუტურად უმაღლესი სტანდარტის სერვისები. ამაზე, კონკრეტულ კონცეფციაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა სამინისტროში. ეს არ არის მარტივი გეგმა. ეს არის საკმაოდ რთული რამ, მოითხოვს, მათ შორის, სერიოზული პროგნოზების გაკეთებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ფინანსური მხარიდან დაწყებული, კონკრეტული კლინიკური მიმართულებების თვალსაზრისით, რაც გამართვას მოითხოვს და ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობთ, რომ აქაც უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე კონკრეტულად გეგმის განხორციელების დაწყებაც შეგვეძლება. ამას აუცილებლად დასჭირდება მხარდაჭერა ასევე პროფესიონალებით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა ასევე გულისხმობს ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებას, რაც უაღრესად დიდი მნიშვნელობის საქმეა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს გააჩენს ქუთაისში მიმდინარე პროექტი, რომელიც ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნას გულისხმობს.

„ესეც არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. აუცილებლად უნდა ვთქვა და ამას ყოველთვის ვიტყვი, რომ ეს არის პროექტი, რომელიც საქართველოს გამორჩეულად წარმატებულ ქვეყნად აქცევს, მათ შორის, თუნდაც ამ კონკრეტული მიმართულებით. ამ პროექტის განხორციელება არის დღეს უკვე რეალობა. არცთუ ისე ბევრი დრო დარჩა, როდესაც ეს კონკრეტულად განხორციელებული პროექტი იქნება, ფუნქციონირებას დაიწყებს და ესეც შესაძლებელი ხდება ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად. ეს არის საშვილიშვილო, ძალიან დიდი საქმე და ამ საქმის შედეგი ექნება ქვეყანას იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი ჩვენზე მეტად დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვის დიდი ფუფუნებაა და, რეალურად, მათ ეს შესაძლებლობა არ აქვთ. ასეთ რამეს იღებს საქართველო ამ ცენტრის შექმნით და განხორციელებით. ეს ხდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე. მოკლედ, რეალურად გვაქვს იმედიანად ყოფნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ პროექტების განხორციელებამდეც უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს იმდენად გამართულად, რომ ჩვენი ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რეალურად, საიმედო ხელშია და ეს სწორად იმართება. ეს არის ალბათ ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება, აქ ითქვას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.