მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელიას ქცევა აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო ნორმალური კალაპოტიდან, ეს იყო ერთი მსახიობის თეატრი, სრულიად ამაზრზენი რამ
მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელიას ქცევა აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო ნორმალური კალაპოტიდან, ეს იყო ერთი მსახიობის თეატრი, სრულიად ამაზრზენი რამ

ერთი მხარის მხრიდან ამაზრზენი საქციელი ვიხილეთ კონკრეტული დანიშნულებით, რომ რაც შეიძლება ხელოვნურად შეიქმნას ქვეყანაში დაძაბულობის ხარისხი, რომელიც ვერ შექმნეს ნორმალური და ლეგალური ხერხებით და ახლა დაიწყეს სრულიად არანორმალური პროვოკაციების გზების ძიება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის გუშინ მომხდარი დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელი ინციდენტი არ უნდა შეფასდეს ორი მხარის დაპირისპირება, არამედ როგორც ერთი მსახიობის თეატრი.

„ამით რაღაც სპექტაკლი დაიდგა, შესაბამისად, რაღაც აქცენტი გაკეთდა იმაზე და მცდელობა იყო იმის, რომ ვინმეს ნერვებზე ეთამაშათ, ეს მცდელობა ყველამ კარგად ვიხილეთ. ამიტომ, ამას ნუ შევაფასებთ, როგორც რაღაც ორი მხარის დაპირისპირება. ეს იყო ერთი მსახიობის თეატრი. ეს არის სრულიად ამაზრზენი რამე. ეს იყო მცდელობა, რომ ხელოვნურად შეიქმნას დაძაბულობის ის ხარისხი, რომელიც რეალურად ქვეყანაში არ არსებობს. ნიკა მელიას ქცევას თუ დააკვირდებოდით, აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო ნორმალური კალაპოტიდან. ეს იყო სრულიად არანორმალური ქცევა, ქაოტური. კაცი მივიდა, პროვოკაცია მოაწყო და ცდილობენ, ეს ყველაფერი რაღაც ხერხად გამოიყენონ, რომ რაღაც აჟიოტაჟი შექმნან. ამ კაცმა სხვა ვერაფრით ყურადღება ვერ მიიქცია. მისგან დებატში მონაწილეობა არ გვინახავს მიუხედავად იმისა, რომ სხვას აბრალებდა დებატს გაურბისო. მელია ასეთ რაღაცებს აკეთებს, რადგან სიუჟეტისთვისაც კი, ყურადღება ვერ მიიპყრო“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის გუშინ დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დაწყებამდე ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარებს აკეთებდნენ. ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რომ ეს უტიფარი ადამიანი, რომელიც ახლა ჩემ გვერდით დგას, და რაღა დაგიმალოთ, ძალიან თავს ვიკავებ, რომ თქვენთან საუბრის ნაცვლად, ამ ადამიანს ახლა რასაც იმსახურებს, ის ვუთხრა. ადამიანი, რომელიც საუბრობს, თითქოს დმანისში პროვოკაცია ჩვენ მოვაწყვეთ, გესმით? ანუ, თურმე სასიკვდილო ჭრილობები მიიყენა ოპოზიციამ თავად, ამ მარაზმს უნდა დაესვას წერტილი“. ამის შემდეგ მელია კობახიძესთან მიიჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.