მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელია ყველა ღონეს იყენებს, რათა მის მიმართ საპატიმრო ღონისძიება გამოიყენონ, შესაძლოა, სურს, გმირის ყალბი მანტიით შეიმოსოს
მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელია ყველა ღონეს იყენებს, რათა მის მიმართ საპატიმრო ღონისძიება გამოიყენონ, შესაძლოა, სურს, გმირის ყალბი მანტიით შეიმოსოს

არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას ნიკა მელიას გადაწყვეტილებით ეშლება ხელი, რადგან ცდილობს, მის მიმართ გამოყენებული იყოს საპატიმრო ღონისძიება, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია ამისთვის არ ერიდება კონფრონტაციას სამართალთან და ყველა ღონეს იყენებს, რომ მის მიმართ პატიმრობა გამოიყენონ.

„ნიკა მელიამ გადაწყვიტა, რომ ქართული სახელმწიფოსა და სამართლის პროვოკაციული გამოწვევის გზა გააგრძელოს, შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებულ იქნას აღკვეთის ღონისძიების ის ფორმა, რომელიც საპატიმრო ღონისძიებას გულისხმობს. ამის საფუძველზე მოგვმართა პროკურატურამ. პარლამენტს მოუწევს მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება. საკითხი პარლამენტმა ერთხელ უკვე გადაწყვიტა. სასამართლომ არასაპატიმრო ღონისძიება გამოიყენა. ნიკა მელიას აღმოაჩნდა სურვილი, რომ მის მიმართ არ იყოს გამოყენებული არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება. მისი სურვილია, გამოყენებული იყოს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება. მოცემულობა არის ასეთი და გადაწყვეტილებას ამ მოცემულობის შესაბამისად მივიღებთ.

ხაზს ვუსვამ, არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას ნიკა მელიას გადაწყვეტილებით ეშლება ხელი, რადგან ცდილობს, მის მიმართ გამოყენებული იყოს საპატიმრო ღონისძიება. ამისთვის არ ერიდება კონფრონტაციას სამართალთან და ყველა ღონეს იღებს, რათა მის მიმართ პატიმრობა გამოიყენონ. ან თვლის, რომ უფლება აქვს, თავი კანონზე მაღლა დააყენოს ან შეიმოსოს გმირის ყალბი მანტიით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია საგამოძიებო უწყების ვებგვერდზე  გამოქვეყნდა.