მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელია პოზიციას საერთოდ თუ არ დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში მასზე ამნისტია აუცილებლად გავრცელდება
ჩვენ გავაკეთეთ ასე, რომ მელიასგან პოზიცია საერთოდ თუ არ იქნება დაფიქსირებული, ასეთ შემთხვევაში ბატონ მელიაზე ამნისტია აუცილებლად გავრცელდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„რადგანაც ჩაითვლება, რომ მას სურს, მასზე ამნისტია გავრცელდეს. რაც შეეხება საპირისპირო ვარიანტს, თუ პირს უფლება აქვს და ამიტომ, ექნება სურვილი, რომ მის მიმართ ამნისტიის გავრცელების ნაცვლად პროცესი გაიმართოს, სამართლიანი სასამართლო ჩატარდეს და შესაბამისად, მან გამართლება მოითხოვოს, მას ამის ფაქტობრივი და სამართლებრივი შესაძლებლობა ექნება. ეს რომ არ ჩაიწეროს, ეს მართლაც იქნება რეალური დარღვევა იმ უფლებისა, რომელიც რა თქმა უნდა, მათ შორის, ბატონ მელიას ეკუთვნის, როგორც განსასჯელს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შექმნა თუ არა პროცესის ხელოვნურად შეფერხების საფუძველი ამ ჩანაწერმა, რომელიც პირდაპირ ნიკა მელიას ერგება, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, უბრალოდ, იკამათონ და ნებისმიერი თემისგან შექმნან თემა, რომლითაც ხელისუფლების შერყევის შესაძლებლობას მოსინჯავენ, ამ შემთხვევაში კი, სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
„ამიტომ, სულერთია, ჩანაწერი როგორიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც გვექნებოდა შემთხვევა, რომ ვიღაც ეცდებოდა, ამას დაპირისპირებოდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა შეუძლია, თქვას სამ პოლიციელთან და შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც მათ ივნისის მოვლენების დროს აქვთ ჩადენილი, რადგან დღეს, ამ მოვლენებისას მძიმედ დაზარალებულმა ადამიანებმა გაავრცელეს განცხადება, რომ სამი პოლიციელიდან ერთი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშია ბრალდებული და ის დამიზნებით ისროდა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ საბედნიეროდ, საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც მხოლოდ განცხადებით, ან ვარაუდით ადამიანის დანაშაულში მხილება ხდება.
„დანაშაული რომ დამტკიცებულად ჩაითვალოს, ამას სჭირდება განაჩენი. ასე არ ხდება, რომ ეს სწორედ ის ადამიანია და აქედან გამომდინარე, მერე კანონები იწერებოდეს ისე, რომ ვინმე დამნაშავედ მიიჩნეოდეს. ეს არ იქნება სწორი მიდგომა, კონსტიტუციურ პრინციპებს ხელყოფს და ამიტომ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, იმის მიუხედავად, ამნისტიის აქტი მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ან დამოკიდებულება როგორი გვაქვს, ეს არის იმ შეთანხმებით გათვალისწინებული სავალდებულო მოქმედება, რომლის მნიშვნელობაზეც არა ერთხელ აღინიშნა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც კითხვის ნიშანს არ ტოვებს იმასთან დაკავშირებით, უნდა გავრცელდეს თუ არა ეს ამნისტია ყველა სამართალდამრღვევთან და მათ შორის, პოლიციელთან მიმართებაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, დამკვიდრდა ძალიან ცუდი ტენდენცია, როცა ადამიანებს ჯალათებს უწოდებენ.
„ვინ მისცა ამ საზოგადოებაში ვინმეს უფლება, რომ მაგალითად, პოლიციელები თავისთავად ჯალათებად გამოაცხადოს? ვინ მისცა იმის უფლება, რომ ამ ადამიანებს ნიღბები მოარგონ და საზოგადოებას ასე სტერეოტიპული, პრიმიტიული აზროვნების ვერსიები შესთავაზონ? რატომ ითვლება, რომ ავტომატურად, პოლიციელი ჯალათია, მისი დაკარგული თვალი ღირებული არ არის და ასე შემდეგ? რატომ არის ეს ასე, რატომ ხდება? დავფიქრდეთ ამაზე. ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნის და ეს არის მიზეზი რეალური პოლარიზაციის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.