მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელია მანიპულირებას, მხოლოდ შავით და თეთრით აზროვნებას უნდა მოეშვას
მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელია მანიპულირებას, მხოლოდ შავით და თეთრით აზროვნებას უნდა მოეშვას

ნიკა მელია მხოლოდ შავით და თეთრით აზროვნებას და მანიპულირებას უნდა მოეშვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მელია ამბობს: „სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა, ზღვაზე თუ მთაში, ქალაქში თუ აგარაკზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ და საბოლოოდ გავიაზროთ – წინ უბრალოდ პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა კი არა, საეტაპო შემოდგომა გველის! ამ შემოდგომით გადაწყდება, გაზაფხული საქართველოში მოვა, თუ ტფილისის გუბერნიაში“.

„ნონსენსი. აქ მთავარი არის ის, რომ ადამიანს არ შეუძლია, ორ ვარიანტის გარდა მეტი ვარიანტები დაინახოს და თქვას, რომ ან რადიკალური უნდა იყოს, ან საერთოდ თავჩაქინდრული მონის როლი უნდა ჰქონდეს. იმ ადამიანს თვითონ აქვს მსოფლმხედველობაში პრობლემა როგორც ჩანს, რადგან არსებობს რა თქმა უნდა, ნორმალური გზაც და არცერთი ავადმყოფური გზა არ შეიძლება, მისაღები იყოს. რასაკვირველია, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ნორმალური პოზიცია ჰქონდეს, ნორმალური, გაწონასწორებული, ადამიანური, ისეთი რომელიც ღირსებას არ დააკარგვინებს, არცერთი ის გზა და არჩევანი, რაზედაც საუბრობს ბატონი მელია, მისაღები არ არის. ამიტომ, ასე მხოლოდ შავით და თეთრით აზროვნებას და მანიპულირებას უნდა მოეშვას, არ შეიძლება ასე“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.