მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელია გირაოს თუ არ გადაიხდის, პროკურატურა პარლამენტს იმუნიტეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მიმართავს
მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელია გირაოს თუ არ გადაიხდის, პროკურატურა პარლამენტს იმუნიტეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მიმართავს

ნიკა მელია თავისუფლებაზე დარჩება თუ პატიმრობაში მოხვდება, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ამჟამად ერთადერთი ადამიანის ხელშია და ეს გახლავთ თავად ნიკანორ მელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მას აქვს სრული შესაძლებლობა, მოქმედ სამართლებრივ პროცედურებს დაემორჩილოს და არ მოითხოვოს, არ ჰქონდეს პრეტენზია, რომ მის მიმართ არსებობდეს განსხვავებული, რაღაც ექსტრაორდინალური პროცესები და ზედმეტი პრივილეგიები. მეორე, რაც საგანგებოდ მნიშვნელოვანია – აბსოლუტურად დაუშვებელია მსგავსი მიდგომა, როდესაც დემონტრაციულად ხდება სახელმწიფოს გამოწვევა იმ მიზნით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ იერიში იქნას მიტანილი და ამ გზით იქნას მოპოვებული გარკვეული უპირატესობა პოლიტიკური, რაც, რა საკვირველია, დაუშვებელი მეთოდია პოლიტიკაშიც. ეს არ არის მისაღები, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესს.

რაც შეეხება უშუალოდ პროცედურას – ვნახეთ განცხადება, რომელიც გაავრცელა პროკურატურამ პროცედურასთან დაკავშირებით და რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია შესაძლებლობა სხვა პირებისა, რომ შესაბამისად შეასრულონ გირაოთი გათვალისწინებული ვალდებულება. მაგრამ მგონია, ადგილი აქვს გარკვეულ მცდელობას, რომ გაგრძელდეს ნიკანორ მელიას მხრიდან იგივე რიტორიკა, რომელსაც ვხვდებით უკვე რამდენიმე დღეა და რომელიც დაკავშირებულია კვლავ გარკვეულ პროვოკაციაში სახელმწიფოს ჩათრევასთან. აი, ეს არის მისი მთავარი მიზანი და ამოცანა. ვფიქრობ, რომ მის მცდელობებს ყველა შემთხვევაში პასუხი გაეცემა“,- განაცხადა საჯველაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, სარჯველაძის განმარტებით, პროკურატურა საქართველოს პარლამენტს იმუნიტეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მიმართავს.

„ვიმეორებ – კვლავ და კვლავ ამ საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელების საკითხი და საბოლოო ჯამში იმუნიტეტის მოხსნა-არმოხსნის საკითხი მთლიანად დამოკიდებულია ერთ ადამიანზე და ეს გახლავთ თავად ნიკანორ მელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს. მისივე თქმით, გირაოს გადასახდელად აუცილებელია სპეციალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში. ნიკა მელიას განმარტებით, პროკურატურას უნიკალური კოდის მიღების მოთხოვნით არ მიმართა და შესაბამისად, აღნიშნული კოდი არც მას და არც ადვოკატს არ აქვს, ამიტომ სურვილის შემთხვევაშიც, თანხის გადახდას ვერ შეძლებს.

ამავდროულად, ნიკა მელიას თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც „თითქოს მის სასარგებლოდ შეიტანს თანხას, იქნება მისი მტერი, არაკეთილმოსურნე, მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდრო კავშირში“.

გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. რაც შეეხება ე.წ. გადახდის უნიკალურ იდენტიფიკატორს, უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს და გამოიყენება გადახდილი თანხის ანგარიშზე დროულად ასახვისა და ანალიტიკური მიზნებისთვის.

ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ეწურება.