მიხეილ სარჯველაძე - ნამდვილად შეგვეშალა, როცა ძალიან ბევრი რამ გახარიაზე გვქონდა მინდობილი
მიხეილ სარჯველაძე - ნამდვილად შეგვეშალა, როცა ძალიან ბევრი რამ გახარიაზე გვქონდა მინდობილი

ნარკოტესტზე ბევრი საუბარი სასარგებლო არც ოპონენტებისთვის იქნება, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი შემოქმედები და საზოგადოებაში ეჭვის გამჩენი თავად იყვნენ. არ მგონია, რომ მათთვის ამ საუბრის გაგრძელება პროდუქტიული იყოს და სამართლებრივი თვალსაზრისით პერსპექტიული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით სარჯველაძემ შეაფასა პარტია „საქართველოსთვის“ მიერ პროკურატურისთვის განცხადებით მიმართვა, რომ გამოძიება დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე, სადაც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაში ადანაშაულებს.

„ამ თემისგან ამხელა ამბის შექმნა არ ღირს. თვალი გადაავლეთ ნარკოტესტზე საუბარი როგორ დაიწყო და შემდეგ როგორ განვითარდა ყველაფერი. ამ თემაზე ბევრი საუბარი სასარგებლო არ იქნება არც ოპონენტებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი შემოქმედები და საზოგადოებაში ეჭვის გამჩენი თავად იყვნენ. არ მგონია, მათთვის ამ საუბრის გაგრძელება პროდუქტიული იყოს და სამართლებრივი თვალსაზრისით პერსპექტიული, რადგან ეს განცხადება ბევრ უხეშ შეცდომას მოიცავს. რაც შეეხება გახარიას განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა, ასეთი მსჯელობა აბსოლუტურად მიუღებელია. სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის, როცა ასეთი სახეცვლილება მერკანტილური მოტივებიდან გამომდინარე აქვს. მსგავსი ტიპის საყვედურის თქმა ჩვენ მიმართაც შეიძლება – ნამდვილად შეგვეშალა, როცა ძალიან ბევრი რამ გიორგი გახარიაზე გვქონდა მინდობილი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.