მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ბევრი წარუმატებლობა მოუტანა, როგორც ჩანს, საზოგადოებაში შეკითხვები არსებობს, რასაც სწორი სამართლებრივი ანალიზი სჭირდება
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ბევრი წარუმატებლობა მოუტანა, როგორც ჩანს, საზოგადოებაში შეკითხვები არსებობს, რასაც სწორი სამართლებრივი ანალიზი სჭირდება

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს ბევრი წარუმატებლობა მოუტანა. საზოგადოებაში შეკითხვები არსებობს, რასაც სწორი სამართლებრივი ანალიზი სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება საუკეთესო დრო „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისთვის.

„ამ საკითხებზე მსჯელობისას ასეთივე ხმამაღალი ვერ ვიქნები, მაგრამ „ხალხის ძალის“ განცხადებაში წამოჭრილია ის საკითხები, რომლებზეც საზოგადოებაში კითხვები არსებობს. სწორი სამართლებრივი ანალიზი სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციონირებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რაც თვისობრივად იყო განსხვავებული იმისგან, რასაც რეალურად ამბობდნენ, რეზოლუციებში აფიქსირებდნენ და შემდეგ ეთანხმებოდნენ. ეს შეკითხვებს აჩენს და სწორი სამართლებრივი ანალიზი სჭირდება.

პირადად ჩემთვის ყველაფერი ნათელი და ცხადია. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც, სამწუხაროდ, საქართველოს ბევრი წარუმატებლობა მოუტანა და ბევრი სასიცოცხლო ინტერესი დათმო. როგორც ჩანს, საზოგადოებაში კითხვები არსებობს და ამას შეფასება სჭირდება. პარტიულად როცა წინაურდება ადამიანი, ვისაც ღიად აქვს დაფიქსირებული, ომი საქართველომ დაიწყოო, ამ ყველაფრის ფონზე, როგორ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით კითხვა ისმებოდეს, რა პოზიცია ჰქონდათ აგვისტოს ომზე. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს. ფიქრობთ, რომ სამართლებრივ შეფასებას პარლამენტი არ იძლევა და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას გულისხმობს? – სამართლებრივი შეფასება რა ფორმით შეიძლება გაკეთდეს, ამის ბევრი დასახელება შემიძლია და მხოლოდ პარლამენტისა და სასამართლოს ნაწილით არ შემოვიფარგლები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.