მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან არის მოთხოვნა, რომ უკანონოდ, რაღაც პრივილეგიებით ისარგებლოს ერთმა ადამიანმა, რაც არ არის სწორი
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან არის მოთხოვნა, რომ უკანონოდ, რაღაც პრივილეგიებით ისარგებლოს ერთმა ადამიანმა, რაც არ არის სწორი

„ნაციონალური მოძრაობის“, მათი ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან არის მოთხოვნა, რომ ახალი და განსხვავებული, ერთ კაცზე მორგებული პატიმრობის კოდექსი დაიწეროს, ან უკანონოდ, რაღაც პრივილეგიებით ისარგებლოს ერთმა ადამიანმა. ეს არ არის სწორი მოთხოვნა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებას, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს.

მისი თქმით, ყველა უნდა შეეცადოს, საკუთარი მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან, შეუსაბამონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს და არა პირიქით – საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე აყალიბონ ახალი წესები.

„ბოლო პერიოდი თვალს ვადევნებთ პროცესებს. „ნაციონალური მოძრაობის“, მათი ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან არის მოთხოვნა, რომ პრაქტიკულად ცალკე, ახალი და განსხვავებული, ერთ კაცზე მორგებული პატიმრობის კოდექსი დაიწეროს, შეიქმნას, ან უბრალოდ, ყოველგვარი კანონის შექმნის გარეშე, უკანონოდ, რაღაც პრივილეგიებით ისარგებლოს ერთმა ადამიანმა. ეს არ არის სწორი მოთხოვნა. შესაბამისად, ვფიქრობთ, უმჯობესია, ისევე, როგორც ყველამ, ეს ადამიანებიც შეეცადონ, საკუთარი მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან, შეუსაბამონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს და არა პირიქით – საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე აყალიბონ ახალი, განსხვავებული წესები.

გარკვეული ინსინუაციების მოწყობა ამ მიმართულებით გამართლებული არ არის. თუ სჭირდება კონკრეტულ პატიმარს მკურნალობა, შესაბამისი სამედიცინო სერვისი, ის ამას უპირობოდ მიიღებს. აქედან რაღაც ამბების შექმნა გამართლებული არ არის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა ფრონტის გაშლას აპირებენ, მოულოდნელი არ არის.

„ეს არის იმის ახსნა, რომ მცდარად დაწყებული აქციები და პლატფორმები, რომელიც შექმნეს პროტესტის მიმართულებით, არ აღმოჩნდა მათთვის სარგებლიანი და აღმოჩნდა ფუჭი. ახლა უნდა აიხსნას ეს მწვავე წარუმატებლობა და რაღაცით გადაიფაროს. შესაბამისად, ახლა იმუქრებიან სრულიად ახალი ეტაპით მათი მარცხისთვის განწირული ბრძოლისა, თუმცა თუ ეს ფრონტის გაშლები გულისხმობს მათი მხრიდან მოვალეობების შესრულების დაწყებას, როგორიც არის პარლამენტში შემოსვლა და საგნობრივ დისკუსიებში ჩართვა, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, ეს რასაკვირველია, იქნება მხოლოდ კარგი. არავის ინტერესში, უპირველესად ქართველი ხალხის ინტერესში არ არის ის, რომ ცარიელი ადგილებია იმ ადგილებზე, რომელზეც ქართველმა ხალხმა მიანიჭა მათ მანდატი, რომ მათი სახელით ფუნქცია შეასრულონ პარლამენტში. პირადი ამბიციების დაკმაყოფილების მიზნით, როდესაც ქართველი ხალხისგან მინიჭებულ მანდატზე უარს აცხადებდნენ, რასაკვირველია, არ იყო სწორი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.