მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმდენად მწვავეა დაპირისპირება, დამარცხებული მხარისთვის ადგილი არ დარჩება, ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ეს ხალხი შეხმატკბილებულად გააგრძელებს მუშაობას
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმდენად მწვავეა დაპირისპირება, დამარცხებული მხარისთვის ადგილი არ დარჩება, ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ეს ხალხი შეხმატკბილებულად გააგრძელებს მუშაობას

ყველა დაჯგუფება თანაბრად პასუხისმგებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სერიოზული წარუმატებლობა, მათ შორის რეპუტაციული თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში ერთმანეთის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება დაუგროვდათ.

„საზოგადოება დღითი დღე ნაკლებად პასუხობს მხარდაჭერით იმ შეცდომებს, რომლებსაც პარტია წლების განმავლობაში უშვებდა. შესაბამისად, ასეთ დროს ისინი იწყებენ პასუხისმგებელი პირების გამოკვეთას და ერთმანეთისადმი უკმაყოფილების გამოხატვას. ერთმანეთის, ერთმანეთის ნამოქმედარის მიმართ როდესაც ჩნდება გარკვეული პრეტენზიები – მათ შორის არის ის ჩანაწერიც, რომელშიც ერთ-ერთი ლიდერი აუგად მოიხსენიებს მიხეილ სააკაშვილს – შეიძლება, ეს წყენაც იყოს მიზეზი, კიდევ ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია, ერთმანეთის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება დაუგროვდათ. იმდენად დიდია ესკალაციისა და გართულების ხარისხი ურთიერთობებში, რომ, რასაკვირველია, ეს პარტია იმავე შინაარსით ვეღარ გააგრძელებს მუშაობას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ თვისობრივად ახალ ამპლუასა თუ ფორმაში იქნება. გარკვეული ადამიანები ფინანსირების კუთხით არიან პასუხისმგებლები, შესაბამისად, მათ აქვთ სურვილი, რომ მართვის სადავეები ხელში ჰქონდეთ აღებული. როგორც ჩანს, ეს არის ნამდვილი მიზეზები იმისა, რაც ახლა ტრიალებს მათ ირგვლივ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, – „რამდენად იქნება შესაძლებელი ამ დაპირისპირებული მხარეების ერთად მუშაობა არჩევნების შემდეგ?“ – სარჯველაძემ აღნიშნა, რომ „ეს გამორიცხულია“.

„ეს არამხოლოდ კადრებმა გამოიწვია, ამ დაჯგუფებებს შორის იმდენად მწვავეა დაპირისპირება, იმდენად ღრმა არის უფსკრული, იმდენად ყველამ ყველაფერი ქნა, ნებისმიერი ხიდი რომ დაეწვათ ერთმანეთს შორის, რომ, როგორც ჩანს, დამარცხებული მხარისთვის იქ ადგილი არ დარჩება. ჩემი აზრით, ცდება, ვინც ფიქრობს და ვინმეს თუ სჯერა, რომ ეს ხალხი შეხმატკბილებულად გააგრძელებს მუშაობას და ამ პარტიას ერთიანი კონსოლიდირებული სახე ექნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.