მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურ მიძრაობას“ მძიმე დღეები უდგას, გახლეჩის პროცესი გაგრძელდება, ეს პარტია ქართულ პოლიტიკაში ქმედით ძალად ვეღარ იქნება განხილული
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურ მიძრაობას“ მძიმე დღეები უდგას, გახლეჩის პროცესი გაგრძელდება, ეს პარტია ქართულ პოლიტიკაში ქმედით ძალად ვეღარ იქნება განხილული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე მდგომარეობაა და სავარაუდოა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.

„ქართული საზოგადოებისთვის, მათ შორის იმ ნაწილისთვის, ვისაც შეიძლება, დღემდე მოსწონდეს „ნაციონალური მოძრაობა“, ახალი ამბავი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან მძიმე მდგომარეობა და მძიმე დღეები უდგას. ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმ სახით, იმ ფორმითა და კონფიგურაციით, როგორც ის თავდაპირველად არსებობდა, აღარ იარსებებს. ეს პარტია დაიმსხვრა და არ ვარ დარწმუნებული, დღემდე აცნობიერებდნენ, რომ ამ დამსხვრევის, წარუმატებლობისა და ფიასკოს მიზეზი სწორად არის აღქმული და დანახული, რომ ეს მათივე დაშვებული შეცდომებია. ის, რის გამოც საზოგადოებას მათ მიმართ სოლიდარობა არ ექნება. ეს უკავშირდება, ერთი მხრივ, იმ მმართველობას, რომელიც საზოგადოებას შესთავაზა და საზოგადოებას კარგად ახსოვს, რა ტიპის მმართველობაზე გვქონდა საუბარი. მეორე მხრივ, ვინც იყვნენ ამ მმართველობის შემოქმედები, იმავე პიროვნებების მცდელობაა, მობრუნდნენ ხელისუფლებაში რევანშისტული განწყობებით და იმავეს დასატრიალებლად, რასაც იმ პერიოდში ატრიალებდნენ. ამას ვერ შეიწყნარებს ჩვენი საზოგადოება. ამ ფონზე გახლეჩის პროცესი იარსებებს და უნდა ვივარაუდოთ, რომ გაგრძელდება. ამ დრომდეც ვხედავდით ამას და, ბუნებრივია, ეს გაგრძელდებოდა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას ყოფნა-არყოფნაც მხოლოდ დროის ამბავი იყო.

„ადრე თუ გვიან ეს ამბავი მოხდებოდა და მელიაც დაიწყებდა ფიქრს, როგორ წარმართოს თავისი შემდგომი პოლიტიკური კარიერა. ცალკე ვინმესთან აფილირებული იქნება ან ვინმესთან გაერთიანდება, ეს უკვე მათი მოსაწესრიგებელი საკითხია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება კითხვას, – „ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკურენციას გაუწევს?“ – სარჯველაძე პასუხობს, რომ, საერთო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობა“ ქმედით და სერიოზულ ძალად ქართულ პოლიტიკაში ვეღარ იქნება განხილული.

„იმდენად დაკნინდება მათი რეპუტაცია და რეიტინგი საზოგადოების თვალში, რომ, რეალურად, იქ შეიძლება, მცირე სხვაობები არსებობდეს, ვინმეს ვინმეზე მეტი რეპუტაცია ჰქონდეს, მაგრამ, ჯამში, ქმედით და სერიოზულ ძალად ქართულ პოლიტიკაში ვეღარ იქნება განხილული, ვერც ჯამურად და ვერც ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობა“, ვისაც ეს სახელწოდება დარჩება“, – ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარტიის დატოვება არ გამორიცხა. „ჩვენს პარტიაში მძიმე რეალობაა, არ გამოვრიცხავ, სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ღირსეულად დავშორდეთ“, – აღნიშნა მელიამ.