მიხეილ სარჯველაძე - მთელი ძალისხმევა ჩადო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ ნიკა მელია პატიმრობაში ყოფილიყო, რა პოლიტიკურ პატიმრობაზეა საუბარი
მიხეილ სარჯველაძე - მთელი ძალისხმევა ჩადო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ ნიკა მელია პატიმრობაში ყოფილიყო, რა პოლიტიკურ პატიმრობაზეა საუბარი

გამოვრიცხავ, რომ ნიკა მელიას ევროპის კავშირი თვლიდეს და განიხილავდეს პოლიტიკურ პატიმრად. პირიქით, ამ შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარი აღმოჩნდა, იგივე ევროპის კავშირის ბევრი თანამდებობის პირისთვის ის ინსინუაციები, რომლებიც ახლდა ამ პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“, ბატონი ნიკა მელიას მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად, გამოაშკარავდა ის გეგმა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თვეების განმავლობაში თავს ახვევდა ქართველ ამომრჩეველს.

„შესაბამისად, იმისთვის, რომ წერტილი დასმოდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავად გადაეხადათ გირაო. გახსოვთ, ბატონი მელიას განცხადება, ჩემი მტერი იქნება ის, ვინც ჩემს ნაცვლად გადაიხდის გირაოსო, დანარჩენი დასკვნები თქვენ გააკეთეთ. არ მგონია, რომ დიდად არსებითად მნიშვნელოვან ამბებს ვადევნებდეთ ახლა თვალს. რეალურად, გამოაშკარავდა ის გეგმა, რომელსაც თვეების განმავლობაში თავს ახვევდნენ ქართველ ამომრჩეველს, რაც გულისხმობდა მათ შეცდომაში შეყვანას. კარგად დაინახა ამომრჩეველმა, რომ არავითარი პოლიტიკური პატიმრობა არ არსებობს. რა პოლიტიკურ პატიმრობაზეა საუბარი, მთელი ძალისხმევა ჩადო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ პატიმრობაში ყოფილიყო ნიკა მელია, ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე 8 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბატონ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია განცხადებაში.