მიხეილ სარჯველაძე - მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია საუბრობდა, რომ ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის დასჯას, ეს მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა
მიხეილ სარჯველაძე - მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია საუბრობდა, რომ ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის დასჯას, ეს მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია საუბრობდა, რომ ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის დასჯას და ა.შ. ეს მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა, მათ შორის გუშინდელი გამოსვლიდან, რომ პრეზიდენტსაც აქვს სურვილი, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტოს, ვის რა ფუნქცია და რა როლი აქვს უფლებამოსილების განხორციელებისას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტს ნომინალურად უფლება აქვს, ელჩის დანიშვნას ხელი მოაწეროს.

„გაღიზიანებას იწვევს თუ არა დამოკიდებულება, როცა ელჩების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა არ ხდება იმ თანამდებობის პირის, ვისაც აქვს სიმბოლური მნიშვნელობა? ეს ტერმინი ნუ შეგაშინებთ – დიახ, ცალკეულ საკითხებზე შეიძლება, ცალკეული თანამდებობის პირებს სიმბოლური კომპეტენცია ჰქონდეთ, რაც ნორმალურია. კონსტიტუცია ელჩის დანიშვნისას პრეზიდენტის სიმბოლურ დატვირთვას ითვალისწინებს. როცა დანიშვნა ხდება, სრულ პასუხისმგებლობას მთავრობა იღებს, რომელიც საგარეო პოლიტიკის წარმმართველია. პრეზიდენტს ნომინალურად უფლება აქვს, ელჩის დანიშვნას ხელი მოაწეროს. არ მგონია, აქ ვითარების დრამატიზება იყოს საჭირო. მთელმა ამ პერიოდმა წარმოაჩინა, რომ ადგილი ჰქონდა სპეკულაციებს, რადგან ბევრი იყო საუბარი პრეზიდენტის დამორჩილებაზე, რაც მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა. იმ ოპოზიციას ამის უნდა რცხვენოდეს, ვინც საზოგადოებას ატყუებდა, რადგან ადგილი აქვს კომპეტენციებზე სამართლებრივი კაზუსის გადაჭრას. თუ ეს საკითხი დარეგულირდება, საკამათო არაფერი იქნება, ნორმალურ კალაპოტში ჩადგება და პრეზიდენტი და მთავრობა ერთ აზრზე იქნებიან, მაშინ სამართლებრივი კაზუსის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება საჭირო არ იქნება, მაგრამ თუ ეს საკამათო იქნება და ჩიხებს შექმნის, მაშინ საჭირო იქნება, საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს. მგონია, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე წარმოება უნდა გაგრძელდეს და გადაწყვეტილება იყოს მიღებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.