მიხეილ სარჯველაძე - მთავარი კომპრომისი, რომელიც მოსალოდნელი უნდა იყოს, ეს არის ოპოზიციის მხრიდან დათმობებზე წასვლა
მოლაპარაკებებთან მიმართებაში ჩვენი განწყობა ერთის მხრივ იმედიანია, მეორეს მხრივ კი, კონსტრუქციული. ჩვენ მოლაპარაკებების ამ ფაზას შევხვდებით ნაწილი განხორციელებული კომპრომისებით, რაც გამოიხატება კონკრეტულად დაძრულ ინიციატივებში, რომელზეც გასულ კვირაში ითქვა პარლამენტში და ნაწილთან დაკავშირებით ასევე მზად ვართ, რომ გაგრძელდეს დისკუსია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მთავარი კომპრომისი, რომელიც მოსალოდნელი უნდა იყოს, ეს არის ოპოზიციის მხრიდან დათმობებზე წასვლა.
„მოცემულობა არის ასეთი იმ ფონზე, როდესაც არჩევნების გაყალბება არაფრით არ დასტურდება და მხოლოდ ახირებასთან გვაქვს საქმე ანუ ოპოზიციის მხრიდან ეს არის უმიზეზოდ გამოწვეული პროტესტი, რომელიც გამოიხატება პარლამენტში არ შესვლით, ეს კი იმ ფონზე, როდესაც ვისმენთ უცხოელი პარტნიორების მხრიდან მოწოდებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და სხვა კომპრომისებზე. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მთავარი კომპრომისი, რომელიც მოსალოდნელი უნდა იყოს, ეს არის ოპოზიციის მხრიდან დათმობებზე წასვლა. მნიშვნელოვანია ოპოზიციის მხრიდან დამოკიდებულება შეიცვალოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გვქონდეს რეზულტატის იმედიც. არაერთი ქმედებები ვიხილეთ ოპოზიციის მხრიდან, რომელიც მიმართულია წინასწარ ისეთი ნიადაგის შესაქმნელად, რომლის შეგედადაც შედეგი მოლაპარაკებებისა არ იქნება სახეზე. ეს არაერთხელ ითქვა და საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ოპოზიციაში არიან პირები, რომლებსაც სიკვდილივით არ უნდათ მოლაპარაკება იყოს შედეგიანი, რადგან მათ ეს არაფერ ისეთს არ უქადის, რის შედეგადაც შეიძლება გამარჯვების მოპოვება. რაც შეეხება ისეთი შედეგის მიღწევას მოლაპარაკებების პროცესში, რომლის თანახმადაც არჩევნები ამ ქვეყანაში იქამდე უნდა ტარდებოდეს, სანამ ოზოპიციური ძალა ხელისუფლებაში არ მოვა-ეს მე ვფიქრობ ინფანტილური მიდგომაა და ამ ანკესს არავინ არ წამოეგება, მათ შორის არც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ ხელი შეუწყონ დესტრუქციულ ოპოზიციას ასეთ დღის წესრიგში“, – განაცხადა სარჯველაძემ.