მიხეილ სარჯველაძე - მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა შეუწყნარებელია
მიხეილ სარჯველაძე - მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა შეუწყნარებელია

ამ ქვეყანაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა შეუწყნარებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება.

„შეფასება, თითქოს საუბარი იყო უმტკივნეულო და ნეიტრალური ლექციების ჩატარებაზე ან ზედმეტი მიამიტობაა, ან მოქმედი პირების შეგნებული არასწორი ინტერპრეტაციები. მიზანი, რაც დიდი ალბათობით, ამ პროცესში ჩართულ ადამიანებს ამოძრავებთ, საქართველოს კანონმდებლობასთან თავსებადი არ არის და წინააღმდეგობაში მოდის ბევრი ქვეყნის სტანდარტებთან. არეულობა და დესტრუქცია არცერთ შემთხვევაში არ არის ის, რაც საქართველოს სჭირდება. აქედან გამომდინარე, ყველა თავშეკავებული უნდა იყოს, რაც არ უნდა მონდომება იყოს, რომ, რაღაც რევოლუციური სცენარების განვითარების შედეგად, მაიდნები მოაწყონ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.