მიხეილ სარჯველაძე - მოლოდინი მაქვს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი დარჩება დესტრუქციული, ულტიმატუმებით მოსაუბრე და განწყობილი, რომ შედეგი არ დადგეს, მეთორმეტე პუნქტი არ შესრულდეს
მიხეილ სარჯველაძე - მოლოდინი მაქვს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი დარჩება დესტრუქციული, ულტიმატუმებით მოსაუბრე და განწყობილი, რომ შედეგი არ დადგეს, მეთორმეტე პუნქტი არ შესრულდეს

სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი იყო მაქსიმალურად ინკლუზიური და გამჭვირვალე. ყველასთვის თვალსაჩინო გახდა თითოეული კანდიდატის დადებითი და სუსტი მხარეები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, პროცესმა ამ დრომდე წარმატებულად ჩაიარა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, იმისათვის, რომ პროცესი წარმატებით დასრულდეს, საჭიროა მცირედი კონსტრუქციულობა ოპოზიციის მხრიდან.

„ხელისუფლების მხრიდან ასეთი კონსტრუქციულობა გამოვლენილია და ახლა გვჭირდება საგნობრივად კეთილსინდისიერი მოლაპარაკება. იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა არაერთი კანდიდატი, რომელიც შეიძლება, სერიოზულად იყვნენ განხილული, ახლა ესეთი შეთანხმება მიღწევადია, თუ ოპოზიცია მცირედ მაინც იქნება კონსტრუქციულად განწყობილი. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მხარს დაუჭერს ულტიმატუმებით საუბარს და კონკრეტულ კანდიდატებზე ულტიმატუმების წამოყენებას, ეს შეიძლება, იყოს საფრთხის შემცველი. მოლოდინი მაქვს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი დარჩება დესტრუქციული, ულტიმატუმებით მოსაუბრე და იმისთვის განწყობილი, რომ შედეგი არ დადგეს და მეთორმეტე პუნქტი არ შესრულდეს. მჯერა, რომ ეს არ იქნება მთლიანად ოპოზიცია, რადგან ოპოზიციაში აღმოჩნდებიან ადამიანები, ვისთვისაც პრიორიტეტი არის მართლაც 12 პუნქტის შესრულება და არა ის, რომ თქვან რომ მხარს უჭერენ, მაგრამ რეალურად, საქმით ამის წინააღმდეგ იყვნენ მიმართულნი“, – განაცხადა სარჯველაძემ.