მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რა ცვლილებების შეტანა იგეგმება „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში
მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რა ცვლილებების შეტანა იგეგმება „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელი გახდა, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ცოტა უფრო ფართო გამხდარიყო და ადამიანების უფრო დიდი წრე მოეცვა, რომელსაც შეეხებათ შეღავათები.

დეპუტატის თქმით, „ეს მოითხოვს სიფრთხილით მოქმედებას, რადგან დაბალანსებული მიდგომების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.

„ამ ბალანსისთვის შესაძლებლობა გამოიძებნება, რომ ახალი მუხლები დაემატოს ამნისტიის ჩამონათვალს და ამ მუხლებით განთავისუფლდნენ მსჯავრდებულები, ეკონომიკური დანაშაული, რაც თავდაპირველ რედაქციაში არ იყო. ზოგიერთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება 1/4-ით სასჯელის შემცირება და განახევრებაც. დიდია მოთხოვნა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილზე. შეთანხმებასთან ახლოს ვართ, რომ ამნისტიამ ეს დანაშაული მოიცვას, თუმცა არა სრულად, ალბათ, დათქმა დაგვჭირდება და შეიძლება საუბარი იყოს სასჯელის 1/4-ით შემცირებაზე. ასევე განსაზღვრული იყო ჯგუფები, ვისაც შეიძლება დამატებითი შეღავათი დაუწესდეთ. ამ თვალსაზრისით შეიძლება იყვნენ სტუდენტები, წახალისებული მეთოდია რესოციალიზაციისთვის. მან სწავლა რომ შეძლოს იმისთვის, რომ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება შეძლოს, ეს სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირებული იქნება და ამ თვალსაზრისით ვმუშაობთ. ეს ჯგუფი ამნისტიაში მოხვდება, მაგრამ გარკვეული დათქმებით. ასევე ვმუშაობთ ქალი მსჯავრდებულების მიმართ, რომ მათ გარკვეული შეღავათები შეეხოთ, აქ შეიძლება გათვალისწინებული იყოს არა უბრალოდ სასჯელის მექანიკურად შემცირება, არამედ შინა პატიმრობით სასჯელის აღსრულების შეცვლა. სამოხელეო დანაშაულზე ცვლილება მოსალოდნელი აღარ იქნება, ასევე ამნისტია არ შეეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ოჯახში ძალადობას და ა.შ.“, – განაცხადა სარჯველაძემ.