მიხეილ სარჯველაძე - მნიშვნელოვანია, როცა ახლოვდება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების დრო, გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოდან
მიხეილ სარჯველაძე - მნიშვნელოვანია, როცა ახლოვდება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების დრო, გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოდან

ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში, როდესაც ახლოვდება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების დრო, გვქონდეს შესაძლებლობა ამ გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანებს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სტრასბურგში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ხშირად ხდება საქართველოდან არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რის გამოც, იქმნება არასწორი შთაბეჭდილებები საქართველოსთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოდან, ინფორმაცია, რომელიც იქნება უტყუარი, ზუსტი და არა სპეკულაციების ნაყოფი, რასაც სამწუხაროდ, ხშირად მიმართავს ჩვენი ოპოზიცია და ხშირად ხდება ისე, რომ არასწორი შთაბეჭდილებები საქართველოსთან დაკავშირებით ხელს უშლის რეალურად პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი შესაძლებლობა იქნება ეს და კიდევ არაერთი პირდაპირი კომუნიკაციის გზით რეალურად საქმიანი, თემატური და საგნობრივი დისკუსია შედგეს ყველა იმ საკითხზე, რომელსაც აქვს რეალური მნიშვნელობა კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.