მიხეილ სარჯველაძე - მილიტარისტულად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა არ გვაქვს, არც ვუშვებთ ამას, ჩვენ შეგვწევს უნარი და ეს შესაძლებელია, რომ ტერიტორია გამთლიანდეს უომრად
მიხეილ სარჯველაძე - მილიტარისტულად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა არ გვაქვს, არც ვუშვებთ ამას, ჩვენ შეგვწევს უნარი და ეს შესაძლებელია, რომ ტერიტორია გამთლიანდეს უომრად

საგარეო ურთიერთობებში ჩვენს ხელისუფლებას, ყველა სხვა ხელისუფლებებზე მკაფიოდ გვაქვს დაფიქსირებული დამოკიდებულება, რომელიც გვაქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ისიც კარგად იცის ყველამ, რომ დიახ, ჩვენ მილიტარისტულად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა არ გვაქვს, ამაზე არც ვმუშაობთ და არც ვუშვებთ ამას. ჩვენ ვამბობთ, ჩვენ შეგვიძლია, შეგვწევს უნარი და ეს შესაძლებელია, რომ ტერიტორია გამთლიანდეს უომრად. ამას ეწინააღმდეგებიან. გაიხსენეთ თემურ ალასანიას ბოლო განცხადება და არამხოლოდ მისი, აქ, ადგილობრივი პოლიტიკოსების. რატომ ალაპარაკდნენ ისინი მილიტარისტულ გეგმებზე? იმიტომ, რომ არის ხელისუფლების ურყევი პოზიცია, რომლის რაღაც ფორმით დანგრევა მათთვის სასურველია. ტერიტორიული მთლიანობის უომრად აღდგენის პოზიცია მოსწონს საზოგადოებას, ამას ამართლებს და ხალხმა ამის დაჯერება დაიწყო, რეალურად ირწმუნა, რომ ეს მოხერხებადია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ, თეა წულუკიანის მეთაურობით, უზარმაზარი შრომა ჩადო და გააკეთა ის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმატებით დამთავრდა სახელმწიფოთა შორის დავა, რომელიც უკავშირდებოდა აგვისტოს ომს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას.

„ეს იყო უზარმაზარი წარმატება და ამას მოჰყვა კასკადი. მოკლედ, ამ მიმართებით, ჩვენს ხელისუფლებას სასაყვედურო, რომ რეალური ნაბიჯები იდგმება, არ აქვს. ერთადერთი, რაშიც შეგვიძლია, ეს ხელისუფლება გავაკრიტიკოთ ბრჭყალებში, არის ის, რომ ემოციურად გაუწონასწორებელი განცხადებებით არ გამოვდივართ, რადგან ამაზე დამოკიდებულია სახელმწიფოს, მთელი ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ვიღაცამ გული მოიფხანოს და ამის გულისთვის ქვეყანა დაზიანდეს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. უბრალოდ შეუძლებელია, ეს ვინმეს მოსწონდეს, რაც უნდა ვინმესთვის სასიხარულო იყოს იმწუთას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გაჩნდა ახალ ევრორეკომენდაციებში პუნქტი – საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის უფრო მეტად დაახლოება ევროკავშირთან და უკავშირდება თუ არა ეს, მათ შორის, რუსეთის მხრიდან გახშირებულ ქათინაურებს საქართველოს მისამართით და ჩინეთთან საქართველოს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ რეკომენდაციებში ეს ჩანაწერი ამ საკითხებს არ უკავშირდება.

„რუსეთიდან ქათინაურებს რაც შეეხება, ის, რაც ობიექტურად სწორია, როდესაც მე პოზიცია გამაჩნია, ამას ვინ დაეთანხმება, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მე ჩემი პოზიცია ვიცოდე და იმის მიხედვით, ვინ მეთანხმება და ვინ არ მეთანხმება, პოზიციას ვერ შევიცვლი, რაც სწორია. რუსეთს, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესები აქვს და როდესაც რუსეთის ფედერაციიდან ქათინაურს გვეუბნება რომელიმე ჩინოვნიკი თუ პოლიტიკოსი, გავითვალისწინოთ, რომ ამით, პრაქტიკულად, უთითებს თითქოსდა არსებულ ფაქტზე, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლების განწყობა როგორია. უბრალოდ, შევაჯამოთ, ვისი პოზიცია შეიძლება, ემთხვეოდეს ერთმანეთს. ამ ქათინაურების მეშვეობით რისი თქმის სურვილიც არსებობს, ხომ არ ემთხვევა იმას, რაც არის ოპოზიციის რიტორიკა, რომ თითქოსდა საქართველოს ხელისუფლებას ეს ქვეყანა მიჰყავს არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ? არცთუ ისე ცოტა ოპოზიციონერი რეალურად, თავისი საქმით აკეთებს სწორედ იმ საქმეს, რომელიც შეიძლება, ყველაზე მეტად სურდეს რუსეთის ფედერაციას. ბევრი ოპოზიციონერის ნამუშევარი რეალურად არ ემსახურება საქართველოს ევროპულ მომავალს და ემსახურება რუსულ საქმეს. ვერ ვიტყვი, რომ ყველა გაუცნობიერებლად აკეთებს ამას, ნამდვილად არ მაქვს ამის მიზეზი. პირადად მე, რა თქმა უნდა, შეიძლება აბსოლუტურად ლეგიტიმურად მქონდეს ვარაუდი, რომ არიან ცალკეული პირები, რომლებსაც სერიოზული ჰარმონიული თანხვედრა აქვთ ინტერესებში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.