მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო
მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„სამართლებრივი თვალსაზრისით ზედმიწევნით სწორი და მართებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული სასამართლოს მხრიდან, რომელმაც ახსნა, რომ ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული გასაჩივრების ის მექანიზმი, რომელსაც მიმართეს ნიკანორ მელიას ადვოკატებმა. ამის გასაჩივრების წესი განსხვავებულია, აქედან გამომდინარე, საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე შეფასებით, სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა პოლიტიკური მიზანშეწონილობით და სხვა კრიტერიუმებით, რომელიც სამართლებრივ ფარგლებს სცილდება.

„აქედან გამომდინარე, ალბათ პოლიტიკური შეფასებისას, გასათვალისწინებელია სამართლებრივი რეალობა და სამართლებრივი ფორმალური პროცედურების არსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს“, – დასძინა მიხეილ სარჯველაძემ.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო. ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ და ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმებას ითხოვდნენ.