მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ხატია დეკანოიძის განცხადება საქართველოს ხელისუფლებაზე მეტად ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს
მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ხატია დეკანოიძის განცხადება საქართველოს ხელისუფლებაზე მეტად ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადება საქართველოს ხელისუფლებაზე მეტად ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს.

საუბარია ხატია დეკანოიძის მიერ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც მან თქვა: „სიმართლე გითხრათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ რთულ დროს, როდესაც უკრაინაში ადამიანები იღუპებიან და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინისა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ასეთ მკაცრ სანქციებს აწესებს, ქართველები, ანუ საქართველოს ხელისუფლება ეძებენ რაღაც შავ ხვრელებს, რომ დაეხმარონ პუტინს, შექმნას იარაღი, რათა შემდეგ მოკლას“.

სარჯველაძის თქმით, მსგავსი განცხადებების მიზანია, რომ „ხელისუფლების გაშავების გზით, რაც შეიძლება მეტად ავნონ საქართველოს რეპუტაციულად“.

„ეს უკვე სიზმრის მიღმა რაც არის, საფუძველს აბსოლუტურად მოკლებული და შეთითხნილია. ვინმემ უნდა ჰკითხოს, რა საფუძველი შეიძლება, ჰქონდეს ასეთ განცხადებას, როდესაც მას, როგორც ფაქტს ისე ასაღებენ. ეს აბსოლუტური ამორალურობაა. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ასეთ მადისკრედიტებელ განცხადებებს, მიზანი ამ შემთხვევაში ერთია, რაც შეიძლება მეტად ავნონ საქართველოს რეპუტაციულად მისი ხელისუფლების გაშავების გზით და ამით მოითბონ ხელი. ეს აბსოლუტური უზნეობაა, რასაც თვალს ვადევნებთ. გარდა იმისა, რომ ეს არის მართლსაწინააღმდეგო აქტი იმდენად, რამდენადაც არავის აქვს უფლება, ვისაც ოდნავი პასუხისმგებლობა გააჩნია, რომ ასეთი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განცხადებები აკეთოს. მით უმეტეს, როდესაც საუბარი გვაქვს პოლიტიკოსზე.

არ მგონია, ვინმეს ასეთი განცხადებების ავტორებიდან რაიმე საერთო ჰქონდეს სიმართლესთან, როდესაც ასეთ განცხადებებს თხზავენ და თითხნიან. ეს კამპანია მიზანმიმართულია, როდესაც ასეთ რამეს იგონებენ. ამას აქვს კონკრეტული, გააზრებული ბნელი მიზანი და ეს ამ შემთხვევაში გულისხმობს ხელისუფლების რეპუტაციულად დაზიანებას. თუმცა, ასეთ დროს ხელისუფლებაზე მეტად ქვეყნის რეპუტაცია ზიანდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძე.