მიხეილ სარჯველაძე - „მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტზე არასწორი შთაბეჭდილების შექმნას ცდილობენ, საუბარია არამართლზომიერ ფორმებზე, როცა შეიძლება, ხელყოფილი იყოს სხვისი უსაფრთხოება
მიხეილ სარჯველაძე - „მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტზე არასწორი შთაბეჭდილების შექმნას ცდილობენ, საუბარია არამართლზომიერ ფორმებზე, როცა შეიძლება, ხელყოფილი იყოს სხვისი უსაფრთხოება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არის მცდელობა, საზოგადოებას არასწორი შთაბეჭდილება შეუქმნან.

სარჯველაძის თქმით, კანონპროექტით იზღუდება მხოლოდ ისეთი შემთხვევები, როცა საუბარია არამართლზომიერ, არაგონივრულ ფორმებზე, მაგალითად, როდესაც დროებითი კონსტრუქციის გამოყენებამ, შესაძლოა, ხელყოს სხვისი უსაფრთხოება.

„არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ შეიძლება, ადგილი ჰქონდეს მოვლენათა იმგვარ განვითარებას, როცა რევოლუციურ სცენარში ერთ-ერთი კომპონენტი იყოს სიმულაცია, შეკრებისა და გამოხატვის უფლებით გამოხატული, ამის ნიღბის ქვეშ კი იყოს არასწორი, არამართლზომიერი ქმედებები. საუბარია არამართლზომიერ, არაგონივრულ ფორმებზე. მაგალითად, როცა დროებითი კონსტრუქციის გამოყენებამ შეიძლება, ხელყოს სხვისი უსაფრთხოება. საუბარია ასეთ შემთხვევებზე. ცდილობენ, საზოგადოებას არასწორი შთაბეჭდილება შეუქმნან. სადაც ოპოზიციას არგუმენტი არ აქვს და პიარულად ახალი ტალახის მიზეზს ეძებენ, მათ რიტორიკაში სიტყვა „რუსული“ ფიგურირებს. სხვისი უფლების ხელყოფის ხარჯზე არ უნდა იყოს შეწყნარებული კარვის გაშლა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კანონპროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. როგორც აღინიშნა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით, სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.