მიხეილ სარჯველაძე - კორექტული არ იქნება, რომ ევროკავშირთან შეთანხმებისა და გლობალური კონსულტაციების გარეშე გადაიდგას ნაბიჯები ევროკავშირში განაცხადის შესახებ
მიხეილ სარჯველაძე - კორექტული არ იქნება, რომ ევროკავშირთან შეთანხმებისა და გლობალური კონსულტაციების გარეშე გადაიდგას ნაბიჯები ევროკავშირში განაცხადის შესახებ

კორექტული არ იქნება, რომ ევროკავშირთან შეთანხმებისა და გლობალური კონსულტაციების გარეშე გადაიდგას ნაბიჯები ევროკავშირში განაცხადის შესახებ, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს ის საკითხი არ არის, რომელიც ასე ემოციურ დონეზე უნდა გადაწყდეს.

„ამ ყველაფერს წინაპირობების შეფასება სჭირდება. ეს არ ხდება ცალმხრივად და ამისთვის მხოლოდ ემოციური მუხტი არ არის საკმარისი. ამ საკითხზე მოლაპარაკებები იქნება წარსამართი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადასადგმელი. ევროკავშირთან ორმხრივი კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთება, როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ.

არ შეიძლება, საქართველომ ცალმხრივად იმოძრაოს ევროკავშირთან კონსულტაციების გარეშე. კორექტული არ იქნება, რომ შეთანხმებისა და გლობალური კონსულტაციების გარეშე ეს ნაბიჯები გადაიდგას. ეს სერიოზული არ იქნება. ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, მოტივაცია არის გრანდიოზული და ეს ჩემთვის გასაგებია, მაგრამ მხოლოდ ემოციური არგუმენტაცია არ აღმოჩნდეს საკმარისი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.