მიხეილ სარჯველაძე - კონტრაბანდულ პროდუქტთან დაკავშირებით მტკიცებულების გარეშე განცხადების გაკეთება დაუშვებელი იყო, მტკიცებულება თუ ვერ იქნება, ის ბოდიშის მოხდამ უნდა ჩაანაცვლოს
მიხეილ სარჯველაძე - კონტრაბანდულ პროდუქტთან დაკავშირებით მტკიცებულების გარეშე განცხადების გაკეთება დაუშვებელი იყო, მტკიცებულება თუ ვერ იქნება, ის ბოდიშის მოხდამ უნდა ჩაანაცვლოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება ბევრი თვალსაზრისით არის შესაფასებელი, მათ შორის რამდენად კორექტული, სამართლიანი და არგუმენტირებულია ინფორმაცია.

საუბარია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

სარჯველაძის თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია, ასეთ ბრალდებებს რაიმე საფუძველი ჰქონდეს

„ეს განცხადება, რა თქმა უნდა, ყურადღებას იმსახურებს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი თვალსაზრისით, შეფასებას მოითხოვს. შეფასებას მოითხოვს რამდენად კორექტული, სამართლიანი და არგუმენტირებული შეიძლება, იყოს. ყველა ამ თვალსაზრისით გარკვეული პრობლემა ამ განცხადებას აქვს და ამის შესახებ ითქვა, მათ შორის საქართველოს მთავრობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში, სადაც მკაფიოდ იყო არა უბრალოდ უარყოფილი, არამედ პრაქტიკულად გამორიცხულია, ასეთ ბრალდებებს რაიმე საფუძველი ჰქონდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება საკითხს, რა გაგრძელება, შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, სარჯველაძე ამბობს, რომ უკრაინა ახლა საომარ მდგომარეობაშია და შემდგომი პროცესების წარმართვის შესაფერისი დრო არ არის. მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ ინფორმაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

„რა მდგომარეობაშიც ახლა უკრაინა იმყოფება, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით გარკვეულ სიფრთხილეს გვავალდებულებს და მეორე მხრივ, გვზღუდავს შესაძლებლობაში, რელევანტურად წარვმართოთ შემდგომი პროცესები ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით. რაც შეეხება განცხადებას, რომ მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რა თქმა უნდა, გამოქვეყნდეს. მეტსაც გეტყვით, დაუშვებელი იყო მტკიცებულების გარეშე ასეთი განცხადების გაკეთება. მტკიცებულება თუ ვერ იქნება, მტკიცებულება უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ. ამას ბოდიშის მნიშვნელობიდან გამომდინარე კი არ ვამბობ, უბრალოდ, მეტი სიცხადე შევა ამ შემთხვევაში, ურთიერთობებში, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, როგორც მიხეილ სარჯველაძე ამბობს, „უკრაინის ხელისუფლების შიგნით მცდარი პოზიციების არსებობის საფუძველს ხელისუფლებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურთა საკმაოდ კარგი ურთიერთობები შეიძლება, წარმოადგენდეს“.

„რაც შეეხება ლორთქიფანიძის შესაძლო კავშირებს, კონკრეტულ გვარს და სახელს არ ვიტყვი, მაგრამ ყველაზე რეალისტურ ახსნად მიმაჩნია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურთა საკმაოდ კარგი ურთიერთობები, კარგი სანაცნობო და მეგობრული ურთიერთობები შეიძლება, წარმოადგენდეს მნიშვნელოვან მიზეზს და განმაპირობებელ ფაქტორს, უკრაინის ხელისუფლების შიგნით ასეთი მცდარი პოზიციების არსებობისა. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. შემიძლია, ვივარაუდო, რომ რეალური კავშირი არსებობს, ასეთი ტიპის ბრალდებებსა და მათ შორის იმ განცხადებას შორის, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებში საომარ მოქმედებებში ჩართულიყო“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.