მიხეილ სარჯველაძე - ხელისუფლების, პირადად თეა წულუკიანის ჩართულობით, აგვისტოს ომის საქმეზე საკამათო საკითხებთან დაკავშირებით საქართველომ გაიმარჯვა, მსოფლიოსთვის უდავო გახდა ის, რაც ჭეშმარიტებაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხელისუფლების და პირადად თეა წულუკიანის, მისი არაერთი კოლეგის აქტიური ჩართულობით, გაიმარჯვა საქართველომ აგვისტოს ომის საქმის ფარგლებში საკამათო საკითხებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს, ამ წარმატების გამო ხელისუფლების მისამართით საქებარი სიტყვები თქვას.
„როდესაც ეს პროცესი იწყებოდა, თეა წულუკიანმა სერიოზული სამუშაო წამოიწყო და წინ წავიდა საქმე, თითი თითზე არ ჰქონდა დადებული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას. წულუკიანმა რომ ეს საქმე წამოიწყო, ის გახდა, მათ შორის პერსონალური თავდასხმის მიზეზი. ძალიან დიდი აგრესია და უსაფუძვლო ბრალდებები წამოვიდა, თითქოს მცდელობები იყო, რაიმე მიმართულებით საქართველოს სამხედროები გამტყუნებულიყვნენ. ხელისუფლების, პირადად თეა წულუკიანის და მისი არაერთი კოლეგის ძალიან აქტიური ჩართულობით, საქართველომ გაიმარჯვა ამ საკამათო საკითხებთან დაკავშირებით და დღეს მსოფლიოსთვის, მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის გახდა უდავო ის, რაც ჭეშმარიტებაა. ყველაფერი ყველასთვის ნათელია. დიდი წარმატებაა და მესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს, ამ წარმატების გამო ხელისუფლების მიმართ საქებარი სიტყვები თქვას. ამას მათგან არავინ ელოდება.
„ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილს რა წვლილი ჰქონდათ ამ საქმეში? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხელის შეშლის მეტი, რეალურად, არაფერი გაუკეთებიათ. ხელის შემშლელი იყო, მათ შორის ის დოკუმენტები, რომლებსაც აქტიურად აწერდნენ ხელს. გავიხსენოთ რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერეს. რა კომპრომისით, რა იდეით უნდა ახსნა ის, რომ დაეთანხმო განცხადებებს, რომლებიც, პრაქტიკულად, გულისხმობს ქართული მხარის მხრიდან გაუფრთხილებლად მშვიდობიანი ცხინვალის დაბომბვას და რუსეთისა და საქართველოს ბრალეულობა, პრაქტიკულად ,თანაბრად არის შეფასებული. დანაშაულზე მეტი რომ არის, ისეთი დონის შეცდომებზე გვაქვს საუბარი. ამის შემდეგ რომ ვინმეს ენა მოუბრუნდება და კიდევ რამეზე პრეტენზია, ამბიცია ექნება, ეს მართლა პოლიტიკურ ამორალობას ნიშნავს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა იმ პირთა სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაიცა.