ხარისხს ენიჭება ცენტრალური მნიშვნელობა. მაღალ ხარისხზე წვდომა უნდა ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს, აუცილებელი პირობაა მკაცრი კონტროლი. სახელმწიფო უნდა იყოს თითოეული პაციენტის უფლების დამცველი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და მთავარი ამოცანა, რომელიც აქვს დღეს ჯანდაცვის სამინისტროს.
„ვფიქრობთ, როგორ გავაფართოოთ და უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ იგივე ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების მიწოდების პროცესი. სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ მედიკამენტებით პაციენტებს. ვიფიქრებთ, როგორ გავაუმჯობესოთ ამ მიმართულებით პროგრამები. ხარისხს ენიჭება ცენტრალური მნიშვნელობა. თანამედროვე ეპოქასა და ამ საუკუნეში ჯანდაცვა აღარ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებელი რამ. ამიტომ, რაც შეიძლება, მაღალ ხარისხზე წვდომა უნდა ჰქონდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრალური ნაწილის ან რომელიმე დიდი ქალაქის მოსახლეობისთვის, არამედ მაქსიმალურად თანაბრად უზრუნველყოფილი. ამ მიმართულებით ბოლო წლებში შთამბეჭდავი რეზულტატებია. რა თქმა უნდა, ყოველთვის უკეთესი და მეტი გვინდა. რეალურად, არსებობს კონკრეტული კონტურები, როგორ და რა განვითარდეს. ეს ნიშნავს მათ შორის მკაცრ კონტროლს, რაც აუცილებელი პირობაა იმ ფონზე, რომ არასტანდარტულად მსხვილი სეგმენტი უკავია კერძო სექტორს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეგულირება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, ორიენტირებული და სახელმწიფო იყოს თითოეული პაციენტის უფლების დამცველი. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და მთავარი ამოცანა, რომელიც აქვს დღეს ჯანდაცვის სამინისტროს, მის სისტემას.
არ დაგვავიწყდეს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული პრევენციული მედიცინა, რომელიც გულისხმობს გარკვეული საშუალებებით მოქალაქეების დაცვას, დაავადებების გავრცელების პრევენციას. ამ თვალსაზრისითაც დიდი მატებაა წლევანდელ ბიუჯეტში და შთამბეჭდავი რიცხვები იქნება. საინტერესო შეთავაზებები გვექნება მოსახლეობისთვის. ამავდროულად, ორიენტირებული ვიქნებით ეფექტიანობის გაზრდაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უაღრესად დიდი მნიშვნელობის არის თუნდაც ცალკეული დაავადებების ელიმინაცია და, მეორე მხრივ, ამისგან თავის დაცვა. მოგეხსენებათ, კაცობრიობამ გამოიგონა საშუალებები, რომლის მეშვეობით ძალიან მძიმე დაავადების თავიდან არიდებაა შესაძლებელი, მაგალითად პაპილომა ვირუსზე აცრებით, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს და ადამიანებს იცავს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან. ასევე თამბაქოს კონტროლის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ეფექტიანს გახდის სისტემას, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაიხსნის თამბაქოს მოხმარებისგან, რადგან ეს არის მაპროვოცირებელი ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზული გართულებისა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, გადაცემის წამყვანმა სარჯველაძეს კითხვა დაუსვა: „სახელმწიფოს მცდელობების მიუხედავად, ამ დრომდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მედიკამენტების ფასები. დადგინდა რეფერენტული ფასები, გაიხსნა ბაზარი მათ შორის თურქული მედიკამენტებისთვის, თუმცა ფარმაცევტულმა კომპანიებმა მაინც შეძლეს და ფასები მოუმატეს მედიკამენტებზე, რომელიც ამ რეგულაციებში არ მოექცა. რა იგეგმება ამ მიმართულებით?“, რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა:
„არსებობს ესენციური მედიკამენტების კატეგორია, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომელთა რეესტრიც არის დადგენილი და კიდევ მეტი მედიკამენტი არის რეფერენტული ფასების სისტემაში მოქცეული. მედიკამენტებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან დადგენილია რეგულირებული ფასი, რომლის ზემოთაც ვაჭრობა ეკრძალება როგორც საბითუმო მოვაჭრეს, ისე აკრძალულია საცალო ქსელში. ახლახან, ნოემბერში განახლდა ეს სია. მედიკამენტების ბაზარიც არასტაბილური სისტემაა, გარკვეული მედიკამენტი ახლით იცვლება. პერიოდულად სჭირდება განახლება. ბაზარზე ხდება თვალის დევნება, რომელი ახალი მედიკამენტია, რომელი – ძველი. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი მედიკამენტები კვლავაც სამართლიან ფასად არის ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამით არ შემოიფარგლება ჩვენი მცდელობები, რაც უკავშირდება მოსახლეობის დაცვას ჭარბი ხარჯებისგან. მნიშვნელოვანი წელი იყო ამ თვალსაზრისით. მაგალითად, ამოქმედდა ახალი სტანდარტები, რომელმაც გაცილებით მაღალი მოთხოვნები წაუყენა არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე წარმოებულ, არამედ იმპორტირებულ მედიკამენტებსაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. დღეს საქართველოს აქვს მარეგულირებელი ჩარჩო, რომლის მიხედვითაც, პრაქტიკულად, ამ ბაზარზე არ ხვდება ისეთი მედიკამენტი, რომელიც მაგალითად, ევროპული ქვეყნისთვის არ არის მისაღები. არც იწარმოება და არც ხვდება ბაზარზე არცერთი ისეთი მედიკამენტი, რომელიც თავსებადი არ არის ძალიან მაღალ სტანდარტებთან, უსაფრთხოა გამოყენებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა სახელმწიფოსთვის. ამიტომ, ბუნებრივია, სახელმწიფო გააგრძელებს დაკვირვებას, ექნება მცდელობები, რაც შეიძლება მეტად გაიზარდოს ხელმისაწვდომობა ამ ფასებზე, მედიკამენტებზე. ამ პროცესში მაქსიმალურად შევეცდებით, ერთი მხრივ, გაუმართლებლად, ზედმეტად არ ზარალდებოდეს ბიზნესი, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი პირობებით ოპერირება, არ არსებობდეს კარტელური გარიგება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს იყო მანკიერი პრაქტიკა. ვშიშობ, გარკვეული კუდები შეიძლება, დარჩენილი ჰქონდეს ამ მანკიერ პრაქტიკას და ვეცდებით, გამოვასწოროთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
