მიხეილ სარჯველაძე - ჯანდაცვის სამინისტროს ყველა ბერკეტი აქვს, რათა დარწმუნებით ვისაუბროთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებს საფრთხე არ ემუქრებათ, ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი აღმოფხვრილია
მიხეილ სარჯველაძე - ჯანდაცვის სამინისტროს ყველა ბერკეტი აქვს, რათა დარწმუნებით ვისაუბროთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებს საფრთხე არ ემუქრებათ, ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი აღმოფხვრილია

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეალურად აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა აბსოლუტურად დარწმუნებით ვისაუბროთ, რომ პანსიონში მყოფ არც ერთ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი რეალურად აღმოფხვრილია.

„მინდა, ორიოდე სიტყვით გამოვეხმაუროთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებულ საკითხს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ განსაკუთრებული ყურადღების და ინტერესის საგანი გახდა საზოგადოებისთვის, რაც ნორმალური პროცესია იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველს და მის აპარატს ხელი ეშლებოდა რეალურად საკუთარი მანდატის განხორციელებაში და ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში ეს პრობლემა გადაწყდება. მათ შორის, სახალხო დამცველის ჩართულობითა და მისი მონაწილეობით ბუნებრივია.

რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ითქვას, არის ის, რომ ამჟამად უშუალოდ პანსიონში, ჯანდაცვის სამინისტროს რეალურად ყველა შესაძლებლობა, ბერკეტი სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებით ვისაუბროთ იმაზე, რომ არც ერთ იქ მყოფ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ყველანაირი მიზეზი ნერვიულობის რეალურად აღმოფხვრილია, იქ ამჟამად ეს მდგომარეობა არის. ეს არის ამ დროისთვის მუშაობის შედეგი, რომელიც გვაქვს და ბუნებრივია, ეს არ იქნება მუშაობის საბოლოო წერტილი, გაგრძელდება მუშაობა, რათა რეალურად განხორციელდეს, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან მონიტორინგის რეალური მექანიზმების მუშაობა. შესაბამისად, ამ წუთისთვის ეს მდგომარეობაა. ბუნებრივია, კომიტეტის იქნება ჩართული, როგორც აქამდე იყო ამ საკითხების გადაჭრაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, შსს ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, რათა შეისწავლოს ძალადობის ყველა შესაძლო ფაქტი.