მიხეილ სარჯველაძე - ინფორმაცია გვქონდა, რომ სამი ოპოზიციური პარტია პარლამენტში შეხვედრას დაესწრებოდა, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება შეიცვალა, საკითხებზე დესტრუქციული დამოკიდებულება გრძელდება
მიხეილ სარჯველაძე - ინფორმაცია გვქონდა, რომ სამი ოპოზიციური პარტია პარლამენტში შეხვედრას დაესწრებოდა, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება შეიცვალა, საკითხებზე დესტრუქციული დამოკიდებულება გრძელდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინკლუზიურობის ხარისხი.

მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია არჩევანის მრავალფეროვნება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინკლუზიურობის ხარისხი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია არჩევანის მრავალფეროვნება, რაც ამ პროცესმა უნდა უზრუნველყოს. არჩევანის სიმრავლე უნდა იყოს, რათა გადაწყვეტილება კარგად მომზადებული იყოს. გარკვეული ხედვა გვაქვს პროცედურების თაობაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ ასევე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზეც, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ესწრებოდნენ.

როგორც სარჯველაძე ამბობს, ინფორმაცია ჰქონდათ, რომ დასახელებული სამი ოპოზიციური პარტია შეხვედრაზე დასწრებას აპირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ გადაწყვეტილება შეცვალეს.

სარჯველაძის განცხადებით, საკითხების მიმართ დესტრუქციული დამოკიდებულება გრძელდება.

„რაც შეეხება სამ ოპოზიციურ პარტიას, ინფორმაცია გვქონდა, რომ ისინი შეხვედრას დაესწრებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, გადაწყვეტილება შეიცვალა. მათი გადაწყვეტილება ცუდად გამოჩნდა, რადგან გრძელდება დესტრუქციული დამოკიდებულება ისეთ საკითხებზე, რაზეც არ შეიძლება, ადამიანებს დესტრუქციული დამოკიდებულება ჰქონდეთ. ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე ვმუშაობთ და ეს ადამიანები ამბობენ, რომ ისინი არიან ექსკლუზიურად უფლებამოსილი, რომ ისაუბრონ ევროპაზე. ამ ყველაფერს აკეთებენ ევროპული რეკომენდაციის დარღვევის გზით. ევროპული რეკომენდაცია გულისხმობს იმას, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, მათ შორის პოლიტიკოსებისგან ინკლუზიური და ამ პროცესისგან გათიშვა,ზურგის შექცევა აბსოლუტურად დესტრუქციულია. არ შეიძლება, ამას მოეძებნოს არგუმენტი, რითაც აიხსნება მათი პოზიციები“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მონაწილეობით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ესწრებოდნენ.