მიხეილ სარჯველაძე - იმპიჩმენტის პროცესის საბოლოო მიზანია, მოხდეს ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, ვინ მუშაობს ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად, ვის აქვს პროევროპულობის ნიღაბი
მიხეილ სარჯველაძე - იმპიჩმენტის პროცესის საბოლოო მიზანია, მოხდეს ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, ვინ მუშაობს ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად, ვის აქვს პროევროპულობის ნიღაბი

იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საბოლოო მიზანია, ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია მოხდეს – ვინ მუშაობს ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად შეხმატკბილებულად, ვის აქვს პროევროპულობის ნიღაბი და ამის მიღმა ვინ არის მოწადინებული, ხელისუფლების წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი არგუმენტები მოიგონოს და ამით იბრძოლოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა აშკარად დაარღვია კონსტიტუცია.

„კონსტიტუცია ადგენს, რომ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეზღუდულია მთავრობასთან შეთანხმების პირობით და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მას დამოუკიდებლად მოქმედების უფლება აქვს. უმრავლესობას შესაძლებლობა არ აქვს, იმპიჩმენტთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. რა თქმა უნდა, იქნება ან აუცილებლობა სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ან რეალურად გამოჩნდება, ვის რა მოტივაცია ამოძრავებს ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მესმის, რომ შეიძლება, განსხვავებული მოსაზრება იყოს, მაგრამ სახელმწიფოს სახელით დამოუკიდებლად განცხადებების კეთება მისი უფლებამოსილება არ არის. პრეზიდენტისგან ისეთი განცხადება არაერთხელ მოგვისმენია, რაც შეიძლება, სტატუსის მოპოვებისას დამაზიანებელი იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა და საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში. „ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.