მიხეილ სარჯველაძე - იმდენი რამ გვაერთიანებს აშშ-თან, რომ არ შეიძლება რომელიმე ცალკეულმა საკითხმა ჩრდილში მოაქციოს ყველა სხვა საერთო პოზიცია
მიხეილ სარჯველაძე - იმდენი რამ გვაერთიანებს აშშ-თან, რომ არ შეიძლება რომელიმე ცალკეულმა საკითხმა ჩრდილში მოაქციოს ყველა სხვა საერთო პოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრები გადაჭარბებულია, რადგან სანქციებისთვის საფუძველი და რაიმე წინაპირობა ნამდვილად არ არსებობს.

მისი თქმით, ეს არის რასაკვირველია, ოპოზიციის და საქართველოს არაგულშემატკივრების მხრიდან იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც გულისხმობს მეტი მღელვარებისა და პრობლემების გამოწვევას ქვეყანაში.

„მეტი იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ეღირსოთ ხელისუფლებაში მოსვლა ამ ძალებს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს წარუმატებლობისთვისაა განწირულია.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად თანხვედრაში რუსეთის პოლიტიკასთან, რომელიც გულისხმობს მაქსიმალურად დაშორებას საქართველოსი ევროატლანტიკური სტრუქტურებისგან, ეს არის მთავარი ამ შემთხვევაში და რასაკვირველია, არიან ამის მსურველი ოპოზიციონერები, რომელიც ამას დიდი სიამოვნებით შეუწყობენ ხელს და გამოიყენებენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, ვინ შეიძლება იყოს მომხრე, რომ საქართველოს მიმართ, ან საქართველოში მოქმედი რომელიმე თანამდებობის პირის მიმართ გავრცელდეს და დაწესდეს სანქციები, მაშინ როდესაც საამისოდ საფუძველი არ მოიპოვება, ეს შეიძლება მათ შორის, რა თქმა უნდა ოპოზიციის რიგებშიც. ამასთან, სარჯველაძე ამბობს, რომ ამის მსურველები „არის იგივე უცხო სახელმწიფოებშიც არაერთი ადამიანი“.

„საამისოდ ვფიქრობ, რომ მათი მცდელობები იქნება, თუმცა კიდევ ვიმეორებ რომ იმ ფონზე როდესაც არავითარი საფუძველი და მიზეზი ამას არ მოეპოვება, მე ძალიან უპერსპექტივოდ მეჩვენება ამ თემაზე რომ დაშვრნენ ჩვენი ოპონენტები“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ის შემთხვევაა, რომელშიც კომუნიკაციის გარდა, სხვა განსხვავებული აზრები არ უნდა გვქონდეს.

„მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების უკან შემოტრიალება ვფიქრობ, რომ არ არის გონივრული. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ რომ შემდგომი თანამშრომლობა და მუშაობა დაგვჭირდება ეს ბუნებრივია. არაერთხელ მითქვამს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის კომუნიკაციაში თუ არსებობს ხარვეზი, რასაკვირველია, ყველა მოწადინებული უნდა ვიყოთ, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხვრას. ეს გულისხმობს იმას, რომ სწორი კომუნიკაცია უნდა დამყარდეს, ერთმანეთის პოზიციები სრულფასოვნად უნდა გავაცნოთ ერთმანეთს და სწორედ ის შემთხვევაა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა, რომელშიც კომუნიკაციის გარდა, სხვა განსხვავებული აზრები არ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, ემუქრება თუ არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს საფრთხე, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამის წინაპირობა ნამდვილად არ არსებობს.

„ჩვენ იმდენი რამ გვაერთიანებს და იმდენი რამ გვაქვს საერთო და ზიარი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც განაპირობებს თავის მხრივ იმას, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გახლავართ, არ შეიძლება რომელიმე ცალკეულმა საკითხმა ამ შემთხვევაში ჩრდილში მოაქციოს ყველა სხვა საერთო პოზიცია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

დატოვე კომენტარი