მიხეილ სარჯველაძე - იაფფასიანი მცდელობაა, გაშარჟებით აქტუალობა დაკარგოს ნებისმიერმა თემამ, რომელიც შესაძლოა, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის მიუღებელი იყოს
მიხეილ სარჯველაძე - იაფფასიანი მცდელობაა, გაშარჟებით აქტუალობა დაკარგოს ნებისმიერმა თემამ, რომელიც შესაძლოა, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის მიუღებელი იყოს

იაფფასიანი მცდელობაა, არსებული დისკუსიის ნაცვლად, გარკვეული გაშარჟებით აქტუალობა დაკარგოს ნებისმიერმა თემამ, რომელიც შესაძლოა, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის მიუღებელი იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით სარჯველაძე გამოეხმაურა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით გიგი უგულვას განცხადებას.

„ჩემთვის გასაკვირი არ არის, სხვაგვარი დამოკიდებულება ყოფილიყო იმ პოლიტიკური ჯგუფისგან, ვისთვისაც საერთოდ უცხოა სამართლებრივი ინსტრუმენტები, მუშაობის სტილი და სამართლის პატივისცემა. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს იაფფასიან მცდელობას, არსებული დისკუსიის ნაცვლად, გარკვეული გაშარჟებით აქტუალობა დაკარგოს ნებისმიერმა თემამ, რაც შეიძლება, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის მიუღებელი იყოს. არასწორია, როცა დემოკრატიულ და სამართლებრივ ინსტრუმენტებთან მიმართებაში ისეთი შეფასებებია, როგორც ამ შემთხვევაშია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა: „კომისია კომისიას გაიძახიან ქოცები, კინტოები და ევროკინტოები. კი ბატონო! შემოვა ოპოზიცია პარლამენტში და მონაწილეობას მიიღებს კომისიაში. თქვენს [პოლიტიკურ] დამკრძალავ კომისიაში“.