მიხეილ სარჯველაძე - ღრმად მწამს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში ვიხილავთ
მიხეილ სარჯველაძე - ღრმად მწამს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში ვიხილავთ

დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ ოპოზიცია ერთხმად დაუჭერს მხარს იმ მოსაზრებას, რომ ქვეყანას პარლამენტში მათი მონაწილეობა სჭირდება, რადგან ბევრი ოპოზიციონერის დღის წესრიგი ამისგან განსხვავდება და მათთვის ქვეყნის ინტერესები ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ამასთან, როგორც სარჯველაძე აცხადებს, მას სჯერა, რომ ოპოზიციაში არიან ისეთი ძალებიც, რომლებსაც ეს ინტერესები აქვს და შესაბამისად, პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან.

„თუმცა ღრმად მწამს, რომ ოპოზიციაში ისეთი ძალებიც არიან, რომლებსაც ეს ინტერესები აქვს და ადრე თუ გვიან, ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში ვიხილავთ. ეს არის უალტერნატივოდ სწორი. რაც შეეხება ხელახალი არჩევნების ჩატარებას, მათთვის სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ვიდრე არ იარსებებს არგუმენტი საიმისოდ, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს, მანამდე მისი დაკმაყოფილება შეუძლებელია. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკური ძალები არიან, რომელთათვის მიუღებელია განსხვავებული აზრი, თავისუფალი მსჯელობა და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული საკითხებზე დისკუსია. ასეთი ძალების მხრიდან ხშირად ადგილი აქვს საღი აზრის დევნას იმ მიზნით, რომ საკუთარი მერკანტილური ინტერესები იყოს გატარებული. ეს მიუღებელი და დაუშვებელია. უნდა მივეჩვიოთ, რომ ყველას აქვს განსხვავებული აზრი, რომელსაც პატივისცემა სჭირდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.