მიხეილ სარჯველაძე - გერმანია საქართველოსთვის გამორჩეული პარტნიორია, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა
მიხეილ სარჯველაძე - გერმანია საქართველოსთვის გამორჩეული პარტნიორია, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გერმანიის კანცლერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

სარჯველაძე იმედოვნებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იქნება განხილვის, ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა.

„იმ ფონზე, როცა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან, ამ დროს ევროპულ სახელმწიფოთა დედაქალაქებთან უშუალო კომუნიკაცია, თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ალბათ ასეთ ფორმატებში ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა. შესაბამისად, გერმანია, როგორც გამორჩეული პარტნიორი საქართველოსთვის, ამ თვალსაზრისითაც განსაკუთრებულია და განსაკუთრებულია მოლოდინებიც, მნიშვნელობა ასეთი შეხვედრისა. იმედი მაქვს, ყველა საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ევროპის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების დროს და უკავშირდება საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას, იქნება განხილვის, ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა. საქართველოს ბევრი აქვს სათქმელი ამ მიმართულებით. შესაბამისად, კარგია, რომ გაჩნდება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ხაზი გაესვას საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპის კავშირისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 9 ივნისს შეხვდება.