მიხეილ სარჯველაძე – განსახლების პროგრამის განხორციელების კუთხით არნახული ტემპია, უპრეცედენტოდ მაღალი დაფინანსების პირობებში გავაგრძელებთ მუშაობას, პროექტებს ბოლომდე მივიყვანთ

01:43, 20.12.2025

განსახლების პროგრამის განხორციელების კუთხით არნახული ტემპია, უპრეცედენტოდ მაღალი დაფინანსების პირობებში გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობას, მიმდინარე პროექტებს ბოლომდე მივიყვანთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

სარჯველაძემ უპასუხა კითხვას, დევნილებისთვის განკუთვნილი პროექტების თვალსაზრისით, რამდენი პროცენტია ამ დროისთვის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფილი და საბოლოოდ როდის გადაიჭრება ეს საკითხი?

„არნახული ტემპია განსახლების პროგრამის განხორციელების კუთხით. იმდენი და იმდენად მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს, რომ ეს მართლაც იმსახურებს ყურადღებას. მაგალითად, თბილისში ახლახან გვქონდა ოთხი საცხოვრებელი კორპუსის გახსნის ცერემონია, გადაეცათ ბინები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო. 700-ზე მეტი ოჯახი საახალწლოდ შეხვდება საკუთარ ბინაში, საკუთარი ჭერის ქვეშ. ყველას ვულოცავ ამ დღესასწაულს. იქვე, იმავე მისამართზე მიმდინარეობს შვიდი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. იმედი მაქვს, დიდი ნაწილი მაინც დასრულდება მომდევნო წლის განმავლობაში. ასევე ქუთაისში გაიხსნა სამი საცხოვრებელი კორპუსი, იქაც 700-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო ბინა. პროექტები გრძელდება რუსთავში, ბორჯომში, ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ზუგდიდში. ბევრი რამ კეთდება ამ მიმართულებით. რაც შეეხება თანაფარდობას, უფრო დიდი ნაწილის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან შესრულებულია ვალდებულება განსახლების მიმართულებით. მოგეხსენებათ, ეს სხვადასხვა ფორმით ხორციელდებოდა – ზოგან დაკანონებით, ზოგან ბინის გადაცემით. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ეგრეთ წოდებული სოფლად სახლის პროგრამა. სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების კომპონენტია გათვალისწინებული. ათასებს გაცდა რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ინტერესს იჩენენ ამ პროგრამის მიმართ, ნახულობენ ბინებს და იძენენ. პრაქტიკულად, არნახული ტემპით, სისწრაფით მიმდინარეობს ვალდებულებების შესრულება, რაც შთამბეჭდავია. ბუნებრივია, პრიორიტეტია ის ხალხი, ვისაც შეიძლება, სხვადასხვა მიზეზის გამო, ყველაზე მეტად სჭირდებოდეს. გარკვეული მეთოდოლოგიაც არსებობს და ამის მიხედვით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. პრიორიტეტიზაციით მიმდინარეობს პროგრამა. უპრეცედენტოდ მაღალი დაფინანსების პირობებში გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობას. მიმდინარე პროგრამებს და პროექტებს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი