მიხეილ სარჯველაძე - გამოვრიცხავ დეპუტატებზე ზეწოლას, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა, როგორც ირკვევა, ეს ხალხი გუნდში რჩება და არ მგონია, ვინმეს არასწორი ინტერპრეტაციების მიზეზი ჰქონდეს
მიხეილ სარჯველაძე - გამოვრიცხავ დეპუტატებზე ზეწოლას, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა, როგორც ირკვევა, ეს ხალხი გუნდში რჩება და არ მგონია, ვინმეს არასწორი ინტერპრეტაციების მიზეზი ჰქონდეს

გამოვრიცხავ ზეწოლას, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა. როგორც ირკვევა, ეს ხალხი გუნდში რჩება და არ მგონია, ვინმეს არასწორი ინტერპრეტაციების გაკეთების მიზეზი ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ დეპუტატების საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი თუ იქნება, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

„უშუალოდ არ ვფლობ ინფორმაციას, ვინ სად დაინიშნა, მაგრამ ამის თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია. შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი თუ იქნება, დაუყოვნებლიც განიხილავს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და დღის წესრიგში დადგება უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ვისთვის რა იყო გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული მიზეზი, ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ, თუმცა მინდა, ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხო ზეწოლა, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა. გავრცელებული ინფორმაციიდან როგორც ირკვევა, ეს ხალხი გუნდში რჩება და არ მგონია, ვინმეს არასწორი ინტერპრეტაციების გაკეთების მიზეზი ჰქონდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და გიორგი ხელაშვილის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. არსებული ინფორმაციით, ჩაჩიბაია და იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლები იქნებიან, გიორგი ხელაშვილი კი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი გახდება.