მიხეილ სარჯველაძე - გამოძიება რა მიმართულებით და როგორ წარიმართება, უწყების გადასაწყვეტია, სრულად ინფორმაციის თავმოყრას უნდა დაველოდოთ
ავთენტურობასთან დაკავშირებით ნამდვილად არ მომისმენია დადასტურება. არც რაიმე დიდი დასკვნების საფუძველია ამ მიმართულებით. დაველოდოთ საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებას და ამ საკითხზე შეფასებები გაკეთდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
დეპუტატის განცხადებით, საკმარისი განმარტებები იყო, თუ რამდენად ავთენტურია ჩანაწერი.
„არ არის რთულად შესაფასებელი სამართლებრივი თვალსაზრისით არც ერთი ის გარემოება, რომელიც აქ, სახეზე გვაქვს. არ მიყვარს მხოლოდ ერთი რომელიღაც კონკრეტული მტკიცებულებით რაიმე მსჯელობის განვითარება. სრულად ინფორმაციის თავმოყრას უნდა დაველოდოთ. ამის საფუძველზე იოლი იქნება სწორი, ზუსტი და არაორაზროვანი შეფასებების გაკეთება. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, გამოძიება რა მიმართულებით და როგორ წარიმართება, ეს გამოძიების გადასაწყვეტი საკითხია და გამოჩნდება, რაიმე ხარვეზებზე შეგვეძლება საუბარი თუ პირიქით, საუბარი შეგვეძლება სრულფასოვნად გამოკვლეულ საკითხთან დაკავშირებით. ამ წუთას ამ თემებზე საუბარი აბსოლუტურად ნაადრევია. ვერ დაგეთანხმებით იმასთან დაკავშირებით, რომ ავთენტურობასთან დაკავშირებული რაიმე სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებაა. საკმარისი განმარტებები იყო, რამდენად ავთენტურია. მითითებული იყო გარკვეული ემოციური ნაწილი, როგორი იქნება დამოკიდებულება შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. ამაში ნამდვილად ვერ ვხედავ ვერაფერს ისეთს, რაც შეიძლება დასაძრახი იყოს და რაიმე უარყოფით დასკვნებს და შეფასებებს გამოიწვევდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სარჯველაძის თქმით, „აბსოლუტურად უსაფუძვლოდ კეთდება შეფასებები, თითქოს დადასტურდა რაიმე უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით აღიარება“.
„ეს სრულიად მცდარია. ხაზგასმით ვამბობ, არავითარი მართლსაწინააღმდეგო ფორმით რეაქციაზე, რომელიც სრულიად ბუნებრივი შეიძლება იყო ადამიანის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, არასწორ დასკვნებს და შეფასებებს ნუ გააკეთებთ. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ფორმა, როდესაც შეიძლება მოქალაქეების ტოტალურ კონტროლს ჰქონდეს ადგილი, რასაც სამწუხაროდ, საქართველოს რეალობაში ჰქონდა ადგილი და ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, ეს უდავო ფაქტია. ეს არ არის საქართველო, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს შეიძლება სურვილი ჰქონდეს, რომ ასეთ რეალობაში ვიცხოვროთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.