მიხეილ სარჯველაძე - გახარიას გუნდის წევრი მაჟორიტარები უნდა მიხვდნენ, რომ მათი დეპუტატობა დიდწილად განპირობებული იყო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით და არა უშუალოდ, მათი პიროვნული რეიტინგით
დიმიტრი სამხარაძის იდეა საინტერესოა იმისათვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა დაამტკიცოს ის ამბიცია, რომელსაც აცხადებენ და მხარდაჭერა, რაზეც საუბრობენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებს მოუწოდა, დატოვონ მანდატები, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გაზომონ საკუთარი რეიტინგი.
როგორც სარჯველაძემ განაცხადა, ეს მაჟორიტარები თავად უნდა მიხვდნენ, პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელმაც განაპირობა თითოეული მათი გამარჯვება, ძალიან დიდწილად განპირობებული იყო პარტიის მხარდაჭერით და არა უშუალოდ მათი პიროვნული რეიტინგით.
სარჯველაძის თქმით, ეს არ არის მათი პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება, თუმცა გარკვეულ ეთიკურ და პოლიტიკურ კრიტერიუმს ეს წარმოადგენს.
„მნიშვნელოვანია ასევე, როდესაც საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რაზეც დღეს იყო საუბარი, ალბათ მხედველობაში მისაღებია, რომ ეს დეპუტატები, მაჟორიტარებს ვგულისხმობ, მათი დეპუტატობა განაპირობა იმ მხარდაჭერამ, რომელიც „ქართული ოცნების“ მიმართ არსებობდა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ეს საკითხი შეიძლება, იყოს საყურადღებო და პირველ რიგში იმ ადამიანებზე, მაჟორიტარებზე ვსაუბრობ. ამაზე როცა ვსაუბრობთ, გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის მათი პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება, თუმცა გარკვეულ ეთიკურ და პოლიტიკურ კრიტერიუმს ეს წარმოადგენს. მათ თავად უნდა მიხვდნენ, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელმაც განაპირობა თითოეული ამ ადამიანის გამარჯვება, ეს ძალიან დიდწილად განპირობებული იყო პარტიის მხარდაჭერით და არა უშუალოდ მათი პიროვნული რეიტინგით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.